მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Elbit Cyclone თვითმფრინავების ნაწილების ქარხნაში წილს გამოისყიდის

5b23893c6ee75
მაია ბიწაძე
15.06.18 13:55
839
კომპანია Elbit Cyclone სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხნაში (ATC) ქართული მხარის წილს ეტაპობრივად გამოისყიდის. ამის შესახებ ,,საქმიანი დილის“ ეთრში საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ნინო ჩოლოყაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს კონტრაქტითაა გაწერილი. ამ პროექტში, საწყის ეტაპზე, ქართული მხარის დიდი წილით ჩართულობა ინვესტორისთვის ერთგვარი გარანტია იყო.
,, ჯამში 60 მილიონია პროექტის ღირებულება კაპიტალის ნაწილში, საიდნაც 33% აქვს სამივე მონაწილეს (საპარტნიორო ფონდი, კომპანია Elbit Cyclone და ეკონომიკის სამინისტროს შვილობილი კომპანია). ამის გარდა, ქართული და ისრაელის მხრიდან გაცემულია 4-4 მილიონი სუბორდინებული სესხი, რომელსაც გარკვეული ვადა აქვს და გაყიდვებიდან დაბრუნდება უფრო მალე, ვიდრე კაპიტალის ნაწილი. ვვარაუდობთ, რომ 5 წლის თავზე სესხი იქნება დაფარული.

თავდაპირველად სტრუქტურა იყო ასეთი სახით წარმოდგენილი, თუმცა ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია და ინვესტორის სურვილია, რომ ძალიან მალე შეისყიდონ ქართული წილი. ამისთვის ხელშეკრულებაში კონკრეტული თანხებია დაფიქსირებული, რომლითაც მათ აქვთ უფლება ჯერ 50%-მდე გაზარდონ თავისი წილი, ხოლო შემდეგ გამოისყიდონ უმეტესი წილი“ - განაცხადა ნინო ჩოლოყაშვილმა.

მისივე განმარტებით, კომპანიაში ATC სამეთვალყურეო საბჭო ფუნქციონირებს, სადაც სამი ადამიანი ქართული მხრიდან არის წარმოდგენილი და ორი წევრია Elbit Cyclone-იდან.

,,ყველა დიდი გადაწყვეტილება მიიღება ჩვენი ჩართულობით, ეს ეხება როგორც დირექტორის შერჩევას, ასევე ხელშეკრულების გაფორმებას, მარჟების დადგენას, ანუ ყველაფერი უნდა იყოს წინასწარ გაწერილი, იმისათვის რომ დროულად ამოვიღოთ ის თანხები, რაც დავაბანდეთ ამ პროექტში.

Elbit Cyclone-ის პირველი შეკვეთის ღირებულება 7 მილიონი დოლარია, რაზეც უკვე დასრულებულია მოლაპარაკება და ამჟამად ხელშეკრულების ფორმა ეძლევა. შეკვეთის ღირებულება სამომავლოდ 60 მილიონ დოლარამდე გაიზრდება“ - განაცხადა ნინო ჩოლოყაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები