მუხრანის ველზე მდებარე “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” აშშ-ის ელჩი, ქალბატონი რობინ დანიგანი და საელჩოს დელეგაცია ესტუმრნენ. როგორც კომპანია იტყობინება, ქარხანაში გამართულ ტურს, რომელიც რამდენიმე დღის წინ შედგა, თემურ ჭყონია მასპინძლობდა. მან ელჩს ამერიკის სიმბოლოდ წოდებული - "კოკა-კოლას", "მაკდონალდსისა" და განახლებული ქართული ბრენდის, წყალი “მთის” წარმოების სრული პროცესი გააცნო.
"ვიზიტის დროს, ამერიკის ელჩი შეეხო კოკა-კოლასა და მაკდონალდსის როლს დასავლური პოპ-კულტურის ჩამოყალიბებაში. სიამაყით აღინიშნა ის ფაქტიც, რომ კოკა-კოლასა და მაკდონალდსის შემოსვლა საქართველოს ბაზარზე მნიშვნელოვანი სიმბოლო იყო დასავლური საუკეთესო ბიზნეს-პრაქტიკის დამკვიდრების საქმეში. დღესაც, სწორედ იგივე როლს იკავებს კომპანია, საზოგადოების ცხოვრებაში და ქვეყნის განვითარებაში.
ვიზიტის დროს, ელჩი გაეცნო როგორც ქარხნის ტექნოლოგიებს, ასევე კომპანიის თანამშრომლებსაც, რომლებიც გამორჩეული პროფესიონალიზმით, საქართველოში ნერგავენ სიახლეებს და წარმოების პროცესს მეტად ეფექტიანს ხდიან.
ქალბატონმა რობინ დანიგანმა და ეკონომიკისა და პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის საელჩოს მრჩეველმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ულტრათანამედროვედ აღჭურვილი კოკა-კოლას და წყალი „მთის“ ქარხნის დათვალიერებას, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, რათა მომხმარებელს მიეწოდოს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია", - წერია "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე, კომპანიის ცნობით, აშშ-ის ელჩის ვიზიტისას ყურადღება გამახვილდა ორივე კომპანიის (კოკა-კოლა და მაკდონალდსი) ჯამური ინვესტიციის მოცულობაზე და კომპანიების როლზე, საქართველოს ეკონომიკაში.
დაარსების დღიდან, საქართველოში ორივე კომპანიამ 0,5 მილიარდ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელეს. სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხა კი 1 მილიარდ ლარამდეა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, 2024 წლის მონაცემებით, ორივე კომპანია საქართველოს ბიუჯეტში 300 მილიონ ლარამდე შეიტანს, ასევე ღირსეული ანაზღაურებითა და სამუშაო პირობებით უზრუნველყოფს 3500 დასაქმებულს.
ქარხანაში გამართული ტურის შემდეგ, ორივე მხარემ იმედი გამოთქვა, რომ ამერიკული ბიზნესი საქართველოში განაგრძობს, მნიშვნელოვანი როლის შესრულებას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და ასევე ბაზარზე კიდევ უფრო გამორჩეული, სტაბილური და მაღალხარისხიანი იქნება.