ირანის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდი გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ირანიდან შემოტანილი არმატურით დატვირთული ტრაილერების გაჩერების ფაქტს ეხმაურება.
Bm.ge-სთან საუბრისას ელჩი აღნიშნავს, რომ მომწოდებელი კომპანიები ქვეყანაში მოქმედ ყველა სტანდარტს აკმაყოფილებენ და აუცილებელია შესაბამისმა უწყებებმა მოცდენის მიზეზები განმარტონ.
ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი ფაქტები ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორობას ხელს არ შეუშლის.
“გასულ პერიოდში მსგავსი პრობლემა ჰქონდა ირანიდან შემოტანილ სხვა პროდუქციასაც, რაც ამ ეტაპზე ამოწურულია. რაც შეეხება არმატურას, როგორც ჩვენ ვიცით, აღნიშნული 11 ტრაილერი აკმაყოფილებს დაწესებულ სტანდარტებს, აქედან გამომდინარე უნდა იქნას განმარტებული თუ რა არის მისი გაჩერების მიზეზი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მსგავსი ფაქტები ორი ქვეყნის ინტერესებში არ შედის.
ჩვენ საქართველოს ვუყურებთ როგორც ისტორიულ პარტნიორს და ვთვლით, რომ არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა კონკრეტულ პირებს თუ ძალებს, რომ ისარგებლონ იმ ვაკუუმით რაზეც შეიძლება ეს პრობლემა იყოს აგებული. ვთვლით, რომ დადებითად გადაჭრა ორივე მხარისთვის იქნება სასარგებლო და მომგებიანი.
ახალ რეულაციებზე გადასვლამ არ უნდა მისცეს შესაძლებლობა ამა თუ იმ პირს, რომ რაღაც ხარვეზი და შეფერხება შეიტანონ პროდუქციის მიწოდებაში და ფასის სხვაობაში” - განაცხადა სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდმა.
გეზი 2-ში უკვე 25-ე დღეა ირანიდან შემოტანილი არმატურით დატვირთული ტრაილერები გაჩერებულები არიან. 11 ტრაილერის მძღოლს ამდრომდე არ აქვს პასუხი კითხვაზე, რა გახდა შეფერხების მიზეზი მაშინ, როდესაც იმპორტირებული პროდუქცია ქვეყანაში მოქმედ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია. მძღოლები შესაბამისი უწყებებისგან პრობლემის დროულად გადაწყვეტას მოითხოვენ.
გაჩერებული პროდუქცია კომპანია “ფოლადის სახლის” საკუთრებას წარმოადგენს, რომელიც რკინის სამშენებლო მასალების იმპორტს, 2014 წლიდან ახორციელებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მაისიდან მათ მასალის ხარისიხს დამადასტურებელი ყველა შესაბამისი სერთიფიკატი და დასკვნა გააჩნიათ. მათი თქმით, გეზში შექმნილი დაბრკოლებების რეალური მოტივი მათთვის უცნობია. შედეგად 2 ივლისიდან დღემდე ტრაილერების გაჩერების გამო მიღებული ფინანსური ზარალი 30 ათას დოლარს აღწევს.

























