კატარში საქართველოს ელჩის ნიკოლოზ რევაზიშვილის განცხადებით, ექსპორტის კუთხით მთავარი დაბრკოლება კატარში საჰაერო გადაზიდვებზე არსებული ტარიფებია. როგორც მან “საქმის კურსის” ეთერში თქვა, საჰაერო გადაზიდვები ქართული პროდუქციის ღირებულებას ზრდის, რის გამოც მას კონკურენციის გაწევა უჭირს.
“მთავარი ბარიერი ტრანსპორტირების ხარჯებია. სამწუხაროდ, ზაფხულის სეზონზე ხილის, ბოსტნეულის, კენკრის თუ სხვა პროდუქციის ტრანსპორტირება საჰაერო გზით ხორციელდება. ამ ეტაპზე საჰაერო გადაზიდვების ფასი საკმაოდ მაღალია და კგ-ზე 2-2.5 დოლარს შეადგენს. ეს ფასნამატი ძალიან უშლის ხელს ჩვენს პროდუქციას კონკურენცია გაუწიოს ინდურ, პაკისტანურ, შრილანკურ და ზოგადად ამ რეგიონში წარმოებულ პროდუქტს. ვმუშაობთ Qatar Airways-სთან რათა ტარიფი შემცირდეს და ქართველ ექსპორტიორებს შეღავათი ჰქონდეთ. კერძოდ, საჰაერო გადაზიდვებში უფრო შეღავათიანი ტარიფით ისარგებლონ. რაც შეეხება საზღვაო გადაზიდვას აქ შეფერხება არ არის. ერთადერთია დროის ხანგრძლივობა, საქართველოდან ტრანსპორტირებას დაახლოებით 4-5 კვირა სჭირდება”, - განაცხადა ელჩმა.