საქართველოს ელჩი ჩინეთში არჩილ კალანდია ქართულ კომპანიებს, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოებასა და ჩინეთის ბაზარზე გატანას ურჩევს, რადგან, მისი თქმით, ბოლო წლებში ჩინელი მოსახლეობა განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ ეკო-პროდუქტებს ანიჭებს.
„ჩინეთის განვითარებისა და წინსვლის პარალელურად, ქვეყანაში ჩნდება ეკოლოგიური პრობლემები და იზრდება მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე. მოთხოვნიდან გამომდინარე კი, ვფიქრობ, ქართულმა კომპანიებმა ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად სწორედ, ეკო-პროდუქცია უნდა არჩიონ. გარდა ღვინისა, ჩინეთის ბაზარზე დიდია მოთხოვნა უალკოჰოლო სასმელებზე და თაფლზე“, - განაცხადა არჩილ კალანდიამ გადაცემა “საქმიან დილაში” სტუმრობისას.
მისი თქმით, ჩინეთის ბაზარზე დღეს ღვინის კომპანიებისთვის მთავარი სირთულე ცნობადობის ამაღლებაა: კონკურენცია მაღალია, ინფორმირებულობა კი დაბალი. ელჩის თქმით, შედეგად, მივიღეთ ის, რომ 2018 წელს, შედარებით ნაკლები იყო ქართული საექსპორტო პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე.
„უფრო მეტი სამუშაოა ჩასატარებელი, როგორც საელჩოს, ასევე სხვადასხვა უწყებების მხრიდან, უახლოეს პერიოდში, იმისათვის რომ დაინტერესებულმა პირებმა, საქართველოშიც და ჩინეთშიც უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ იმ სიკეთეების შესახებ, რასაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გვთავაზობს. ჩინეთში დიდი რაოდენობის ღვინო იყიდება. ამ სეგმენტში დიდია კონკურენცია და საჭიროა მეტი ინფორმირებულობა კონკურენციის გასამკლავებლად“, - აღნიშნა არჩილ კალანდიამ.
ელჩის თქმით, ინფორმირებულობის ამაღლების შედეგად ჩინეთ-საქართველოს შორის კიდევ უფრო გაიზრდება სავაჭრო ეკონომიკური ბრუნვის მოცულობა და მეტად ცნობილი გახდება ქართული პროდუქტი.

























