საქართველოსა და საბერძნეთს შორის ვაჭრობა 2017 წელს 20%-ით გაიზრადა, - ამის შესახებ bm.ge-ს საბერძნეთში საქართველოს ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, საელჩო აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ მოიძიოს დაინტერესებული ინვესტორები და მათ საქართველოს ბიზნეს კლიმატის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია. ელჩი ფიქრობს, რომ შედეგი უკვე სახეზეა.
იოსებ ნანობაშვილის თქმით, გაზრდილია აგრარული პროდუქციის ექსპორტი, გააქტიურებულია ტურისტულ კომაპნიებს შორის კავშირი, ხდება გარკვეული სამედიცინო აპარატურის შესყიდვა საბერძნეთიდან და ა.შ.
მისივე განცხადებით, საბერძნეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით საქართველოს საელჩოს კარგი შედეგები აქვს.
„ჯერჯერობით ნორმალური შედეგები გვაქვს, თან იმის გათვალისწინებით, რომ ბერძნული ბიზნესი კრიზისის გამო სკეპტიკურად იყო განწყობილი ყველანაირი საერთაშორისო და შიდა კომუნიკაციისთვის, რაღაცნაირად ჩაიხურა. თუმცა, დღეს ცხოვრება ნელ-ნელა კალაპოტს უბრუნდება“,- აცხადებს ელჩი.

























