მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელჩის განცხადებით, EU საქართველოში €38 მილიონის ღირებულების პროექტებს დააფინანსებს - რას მოხმარდება?

პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეების, სოფლის განვითარებისა და მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად 38 მილიონი ევროს ღირებულების ახალ პროექტებს აფინანსებს - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ კახეთში, "ევროპის დღისადმი" მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ელჩის განმარტებით, ინიციატივების შეთანხმება და შესაბამის ხელშეკრულებებზე ხელმოწერა წლის ბოლომდე იგეგმება. დახმარება მიმართული იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეების, ოჯახებისა და ადგილობრივი თემების გაძლიერებაზე.

"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დავაანონსო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი ინიციატივები - 38 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები, რომელთა ხელმოწერასაც წლის ბოლომდე ვიმედოვნებთ. ეს მოიცავს სოფლის განვითარების მხარდაჭერას, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, ქალთა და გოგონათა გაძლიერებას, გარემოს დაცვას - ყველაფერ იმას, რასაც ევროკავშირი საქართველოსთვის უკვე 30 წელზე მეტია აკეთებს. მიმდინარე გამოწვევების მიუხედავად, ამ მხარდაჭერას აუცილებლად გავაგრძელებთ", - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

პროგრამის - "ევროკავშირი შენთვის" (EUwithYou) - ფარგლებში გამოყოფილი 38-მილიონიანი რესურსი კონკრეტულ სფეროებზე გადანაწილდება:

  • განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოება;
  • საოჯახო მეურნეობების გაძლიერება და სურსათის ხარისხის/უსაფრთხოების გაუმჯობესება;
  • მცირე ქალაქებისა და სოფლების ეკონომიკური განვითარება;
  • ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდა;
  • ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა (მათ შორის აფხაზეთის რეგიონში);
  • გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური სტანდარტების გაუმჯობესება.

ევროკავშირის წარმომადგენლობის შეფასებით, ახალი ფინანსური პაკეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპული ოჯახის ურყევ ერთგულებას ქართველი ხალხისა და ქვეყნის ევროპული კურსის მიმართ.

ახალი პროექტები ევროკავშირის ელჩმა კახეთში, მეღვინეობა "მოსმიერში" გამართულ "ევროპის დღეზე" (სლოგანით: "ჩემი ევროპა. ჩემი მომავალი.") დააანონსა. ღონისძიებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატები, პროექტების ბენეფიციარები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ.

გახსნის ცერემონიაზე პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოსა და ევროკავშირის მრავალწლიან კავშირზეც ისაუბრა: "ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს. 27 დამოუკიდებელი სახელმწიფო ძლიერ ერთობას ქმნის - ისევე, როგორც თითოეული ხმა ქმნის ერთიან მელოდიას. ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს. ევროკავშირისა და საქართველოს მეგობრობა დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან იწყება. მართალია, ამ მჭიდრო კავშირს ბოლო პერიოდის ანტიევროპული რიტორიკა ძალიან აზიანებს, თუმცა მას ვერ შეცვლის - წარმოუდგენელია მრავალწლიანი ისტორიის გადაწერა ან რამდენიმე წელში დავიწყება. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდაჭერას", - განაცხადა ელჩმა.

თბილისისა და ბათუმის შემდეგ, თელავი რიგით მესამე ქალაქია, რომელმაც წელს "ევროპის დღეს" უმასპინძლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები