მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ელ.ენერგიის შიდა მოხმარების ზრდის მთავარი მიზეზი კრიპტო-მაინინგის კომპანიების გააქტიურებაა- მერაბ ლომინაძე

მერაბ ლომინაძე

2024 წელს საქართველოში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 6%-ით გაიზარდა და 13.8 ტვტ/სთ შეადგინა. სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს მკვეთრად 13%-ით, 3.14 მილიარდ კილოვატ საათამდე გაიზარდა იმ მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა, რომლებიც დენს პირდაპირი ხელშეკრულებებით, "თელასისა" და "ენერგო-პროს" გვერდის ავლით ყიდულობენ.

2024 წელს გაიზარდა საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება კრიპტოვალუტების მაინინგის მხრიდანაც. აღნიშნული მიმართულებით ოპერაციები ძირითადად თბილისისა და ქუთაისის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში სრულდება. თბილისის თიზ-ში არსებული კომპანიებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებლის ფუნქციას კომპანია "თი ეფ ზი სერვისის" ახორციელებს, რომელმაც 2024 წლის განმავლობაში 193 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა. უმსხვილესი მომხმარებლების სიაში ასევე შედიან სხვა კომპანიებიც, რომლებიც კრიპტო მოპოვებაში არიან ჩართული.

ელექტროენერგიის შიდა მოხმარების ზრდას “თრეიდინგ სოლუშენის” მმართველი პარტნიორი სწორედ კრიპტო მაინინგ კომპანიების გააქტიურებას უკავშირებს.

„2024 წელი საკმაოდ კარგად დაიხურა და გვაქვს ელ. ენერგიის მოხმარების ზრდა, ასევე ქსელში ჩაერთო მეტი ენერგო გენერაციის ობიექტი, ვიდრე წინა წელს, რაც დადებითი გარემოებაა, თუმცაღა ის ზრდა, რაც 6%-ზე ცოტა მეტი იყო, ბოლომდე ვერ შეავსო ის დეფიციტი, რომელიც 2023 წელს დავინახეთ. შესაბამისად ერთგვარი ჩამორჩენა 2022 წელთან მიმართებით ნამდვილად გვაქვს.

მიზეზი მთავარი შიდა მოხმარების ზრდისა გახლდათ ბოლო კვარტალში კრიპტო მაინინგის კომპანიების გააქტიურება და ამოქმედება, რაც თავის მხრივ გამოწვეული იყო ძირითად კრიპტოვალუტაზე - ბიტკოინზე ფასის ისტორიულ მაღალ ნიშნულზე დაფიქსირება. სხვა მხრივ საქართველოში მოქმედი მსხვილი საწარმოები დღეის მდგომარეობით გაჩერებულია. გაჩერებულია ყველაზე დიდი ენერგო მომხმარებელი კომპანია ზესტაფონის ფეროშენადნობების საწარმო, გაჩერებულია სხვა ფეროშენადნობთა კომპანიები, ასევე არა რის ბოლომდე ათვისებული და დატვირთული ფოლადის მწარმოებელი კომპანიები.

რაც შეეხება 2025 წელს, ვფიქრობ, დადებითი პროგნოზი უნდა გავაკეთოთ, რაც გამოწვეულია წმინდა გარე ფაქტორებიდან. ვგულისხმობ მაინინგის სფეროს, სადაც პროგნოზირებულია, რომ უნდა დაფიქსირდეს ისტორიულად მაღალი ფასი, ამიტომ არის საფუძველი, რომ ის კომპანიები, რომლებიც ოპერირებენ საქართველოში, გააგრძელებენ ოპერირებას და კიდევ გაიზრდება მათ მიერ ელექტროენერგიის მოხმარება.

რაც შეეხება დარგს, რომელიც რჩება წამყვან დარგად ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით, ეს არის ფოლადისა და ფეროშენადნობების წარმოება, აქ გვესახება სახეზე დადებითი პერსპექტივა იმ კუთხით, რომ ჩვენი ქვეყნის პარტნიორ ქვეყანა თურქეთში, შეიმჩნევა ერთგვარი სტაბილური აღმასვლა ამ პროდუქციის მოხმარების თვალსაზრისით და ვფიქრობ, გაზაფხული-ზაფხულისთვის ჩვენ დავინახავთ, რომ თურქი მომხმარებელი დაუბრუნდება ქართულ პროდუქტს. ეს ორი ძირითადი ფაქტორი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიფიქროთ და პროგნოზი გავაკეთოთ დადებითი, თუმცაღა ნამდვილად იქნება გამოწვევები. ეს გამოწვევებია პირველ რიგში ელექტროენერგიის ფასი, რომელიც მომხმარებლისთვის არის საკმაოდ მაღალი. გამოწვევა იქნება ისევ და ისევ ის წყალუხვი პერიოდები, მაის-ივნისი, როცა ქვეყანაში გენერირებული ელექტროენერგიის მოცულობა არის უფრო მაღალი, ვიდრე მოხმარებული და ჩვენ გვესაჭიროება ელ. ენერგიის ექსპორტი.

მე ასევე მოლოდინი მაქვს, რომ მარტიდან ზესტაფონის ქარხანა ამოქმედდება, რადგან ჩემი ინფორმაციით მათ გააჩნიათ არსებული ხელშეკრულებები, რომელიც უნდა დააკმაყოფილონ, რაც არსებული რეზერვებით ვერ მოხდება. ასევე მარტიდან იწყება წყალუხვი პერიოდი, რომელიც აგრეთვე შეეხება ამავე ჯგუფში შემავალ ვარციხე ჰესს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჯგუფი ხელიდან არ გაუშვებს შესაძლებლობას იაფი დენის პირობებში აწარმოოს იაფი პროდუქტი, რადგან ფეროშენადნობების სექტორში ხარჯების 30% სწორედ დენზე მოდის“,-აცხადებს BM.GE-სთან მერაბ ლომინაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები