ელექტროენერგიის ექსპორტი ივნისში წლიურად 8.6%-ით გაიზარდა და 230.1 გვტ.სთ-ს შეადგინა. G&T-ის ინფორმაციით, 2017 წლის პირველი ნახევრის ჯამური ექსპორტი 7.4%-ითაა გაზრდილი. თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი შემცირდა 38.8%-ით, თუმცა საკმაოდ მაღალი იყო წინა წლის ბაზა (+23.1% წ/წ). თურქეთში ექსპორტმა ჯამური ელექტროენერგიის ექსპორტის 28.3% შეადგინა, უმსხვილესი ექსპორტიორები კი 89.0 მგვტ.-იანი ფარავან ჰესის მფლობელი, საქართველო ურბან ენერჯი (58.0%) და 47.5 მგვტ.-იანი ხელვაჩაური ჰესის მფლობელი კომპანია, აჭარ ენერჯი 2007 (26.2%) იყვნენ.
თურქეთის მიმართულებით 5.1 გვტ.სთ.-ის მოცულობის (ჯამურის 8.0%) ექსპორტი განახორციელა ესკომაც, აზერბაიჯანიდან 2012 წელს განხორციელებული იმპორტის სანაცვლოდ. სომხეთის მიმართულებით ექსპორტი წლიურად 2.3%-ით შემცირდა და ჯამური ექსპორტის 18.4% შეადგინა. სომხეთში ექსპორტი გაიყო საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციასა (60.3%) და ესკოს (39.7%) შორის. ამ უკანასკნელმა ექსპორტი განახორციელა 2017 წლის თებერვალი-აპრილის პერიოდში სომხეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის სანაცვლოდ.
რუსეთის მიმართულებით ექსპორტი გაორმაგდა (+98.2% წ/წ) და ჯამური ექსპორტის დაახლოებით ნახევარი (53.3%) შეადგინა. ესკო ერთადერთი ექსპორტიორი იყო ამ მიმართულებით. რუსეთის მიმართულებით ექსპორტის ზრდის მიზეზია თვის მეორე ნახევარში გენერაციის მოულოდნელი სიჭარბე და სხვა ბაზრების მოუქნელობა იმპორტის მიმართ მოკლევადიანი გაფრთხილებით. ჯამურად, ივნისის თვეში ექსპორტის 63.4% განახორციელა ესკომ.

























