მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ელექტროენერგიის ექსპორტის კლება გენერაციის შემცირებამაც გამოიწვია - გიორგი აბრამიშვილი

ენერჯი სოლუშენი

Energy Solutions-ის მმართველი პარტნიორის შეფასებით, საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავების კლება ნაკლებად სახარბიელო ჰიდროლოგიურ პირობებს უკავშირდება.

საქმე ისაა, რომ 6 თვეში ელექტროენერგიის გამომუშავება თითქმის 10%-ით 6626 გვტ.სთ-მდეა შემცირებული. უშუალოდ ივნისში კი ამ მაჩვენებელმა 1343 გვტ. საათი შეადგინა, რაც 11.2%-ით ნაკლებია გასულ წელთან შედარებით.

როგორც გიორგი აბრამიშვილმა BMG-ის განუცხადა, ამ ფაქტორს ემატება ის გარემოებაც, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში ახალი გენერაციის ობიექტები ნელი ტემპებით შენდება.

გიორგი აბრამიშვილის განცხადებითვე, ძირითად საექსპორტო ბაზარზე, თურქეთში მოთხოვნის კლებასთან ერთად, შემცირებული გამომუშავება ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რის გამოც წელს საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი შემცირდა.

“ელექტროენერგიის გამომუშავების კლება ბუნებრივ კლიმატურ პირობებს უკავშირდება, ჰიდროლოგიურად “მშრალი” წელია, ნაკლები ნალექი მოდის და აქედან გამომდინარეობს ასეთი მაჩვენებლები. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ რჩება პრობლემა, რომ ძალიან ცოტა ახალი გენერაციის ობიექტები შედის ექსპლოატაციაში, წელს ჩვენს სისტემას ფაქტობრივად ახალი გენერაციის ობიექტი არ დამატებულა. აქედან გამომდინარე, ჯამში გენერაცია არ იზრდება. სწორედ ამიტომ არის კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანაში მსხვილი ჰიდროელექტროსადგურები აშენდეს, რომელსაც რეზერვუარის საშუალებით ელექტროენერგიის დაგროვების საშუალება ექნება.

რაც შეეხება ელექტროენერგიის ექსპორტის კლებას, ეს პირდაპირ პროპორციულია იმისა, რომ ნაკლები გენერაცია გვქონდა. არაერთხელ გვისაუბრია, რომ ექსპორტს ვერ განახორციელებს ვერცერთი ჰიდროელექტროსადგური, თუ ქვეყანაში დეფიციტია. ამავე დროს ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფასიც უფრო დაბალი იყო თურქეთის ბაზარზე. ანუ ამ ბაზარმა შედარებით მიმზიდველობა დაკარგა, ვიდრე ეს შარშან-შარშანწინ იყო. მიუხედავად ამისა, კომპანიები ცდილობდნენ, რომ ელექტროენერგია ექსპორტზე გაეტანათ. მაგრამ იყო გარკვეული შეზღუდვები. იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს მეტი ელექტროენერგიის ექსპორტსაც შეძლებს ჩვენი ქვეყანა და ფასიც გაიზრდება თურქეთში”, - განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი მცირდება. წელს 6 თვეში დენის ექსპორტიდან შემოსავალი თითქმის 44%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან 19.2 მლნ დოლარის ღირებულების (დაახლოებით 400 მლნ კვტ.სთ) ელექტროენერგია გავიდა ექსპორტზე, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 44%-იანი კლებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები