გათიშული შუქნიშნები, გაჭედილი ლიფტები და რესტორნებისა და სასტუმროების დახურული სამზარეულოები: ელექტროენერგიის წასვლამ ესპანეთის საკურორტო კუნძულ ტენერიფეს პარალიზება გამოიწვია.
ესპანური მედიის ცნობით, შეფერხება კანარის კუნძულების 900,000 მოსახლედან დაახლოებით 400,000–ს შეეხო. შუქის ჩაქრობა კუნძულის სამხრეთით მდებარე ერთ-ერთ ქვესადგურთან მომხდარმა აფეთქებამ გამოიწვია, რომლის მიზეზიც ამ დრომდე უცნობია.
ტენერიფეს მერი ტურისტებსა და ადგილობრივებს პრობლემის სწრაფ მოგვარებას დაჰპირდა, რის შემდეგაც, გვიან საღამოს დაზიანებული ქვესადგურის შეკეთება მოხდა და 30% ენერგიის მიწოდება განახლდა.
ტენერიფე ატლანტის ოკეანეში მდებარე კანარის არქიპელაგის შვიდი დიდი კუნძულიდან უდიდესია. მისი ფართობი 2 034 კმ²-ს შეადგენს. ის ყველაზე მეტად დასახლებული კუნძულია კანარის არქიპელაგზე. 2019 წლის ბოლომდე იქ 15 მილიონი უცხოელი დამსვენებლის ჩასვლას პროგნოზირებენ.