2026 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ელექტროენერგია საქართველოს 10 ძირითად საიმპორტო საქონელს შორისაა.
საქსტატის მონაცემებით, წლის პირველ ორ თვეში ქვეყანამ 29.8 მლნ დოლარის ელექტროენერგია იყიდა, რაც წლის ჭრილში 50.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მთლიან იმპორტში 1.2%-იანი წილით ელექტროენერგია მეათე უმსხვილესი საიმპორტო საქონელია.
რაც შეეხება საიმპორტო ბაზრებს, აღნიშნულ პერიოდში საქართველომ 10.2 მლნ დოლარის ელექტროენერგია თურქეთიდან შეიძინა, ხოლო 10.6 მლნ დოლარის - რუსეთიდან. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი საერთოდ არ მომხდარა, ხოლო რუსეთიდან მხოლოდ 399.2 ათასი დოლარის ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა. ელექტროენერგიის შედარებით მცირე იმპორტი ფიქსირდება აზერბაიჯანიდან (5 მლნ დოლარი) და სომხეთიდან (4 მლნ დოლარი).
ელექტროენერგიის იმპორტი ძირითადად იანვრის თვეზე მოდის, როდესაც ქვეყანამ 22.5 მილიონი დოლარი გადაიხადა. აღსანიშნავია, რომ თურქეთიდან ელექტროენერგიას თითქმის არ ვყიდულობთ და პირიქით ის საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის მთავარი საექსპორტო ბაზარია. 2025 წლის მონაცემები აჩვენებს, რომ შარშან თურქეთიდან იმპორტი მხოლოდ დეკემბრის თვეში იყო (40.5 მლნ კვტ.სთ). რატომ დასჭირდა ქვეყანას თურქეთიდან დენის იმპორტი, უცნობია. BMG-ის მიმართვის მიუხედავად, სახელმწიფო ელექტროსისტემაში და ესკოში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
რაც შეეხება რუსეთს, რუსეთიდან შემოსული ელექტროენერგია ოკუპირებულ აფხაზეთზეც ნაწილდება, რომელსაც რეგიონი სპეციალურ ფასად იღებს.




























