მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ელექტროენერგიის იმპორტი შუამავლების გარეშე" - რა გავლენა ექნება ცვლილებას ბაზარზე?

ელექტროენერგია

საქართველოს მთავრობამ ელექტროენერგიით ვაჭრობაში შუამავალი კომპანიების გამორიცხვა გადაწყვიტა და ამით რამდენიმე მილიონის დაზოგავს აანონსებენ.

"შუამავლის გარეშე განხორციელდება აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი. არცერთი ქვეყნიდან აღარ განხორციელდება იმპორტი შუამავლის მეშვეობით. შუამავალი ნიშნავდა სახელმწიფოსთვის დამატებით ხარჯებს და მხოლოდ აზერბაიჯანის ჩახსნის შემთხვევაში, ყოველწლიურად რამდენიმე მილიონის შემოსავალს დაიტოვებს სახელმწიფო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

კანონის მიხედვით, მეზობელი ქვეყნიდან ელექტროენერგიის იმპორტს ესკო [ელექტროენერგეტიკული ბაზრის კომერციული ოპერატორი] და ის შუამავალი კომპანიები ახორციელებენ, რომელთა საქმიანობის ძირითადი სფერო ელექტროენერგიით ვაჭრობა; იმპორტი; ტრანზიტი და ექსპორტია.

"შესწავლილი აქვს ალბათ მთავრობას და იცის, რომ აი ამ ღონისძიებების გატარების შედეგად რამდენიმე მილიონი ლარი დაეზოგებაო სახელმწიფოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან შუამავალ კომპანიებს შორის არავითარი კონკურენცია არ არსებობს და სახელმწიფოს შეუძლია უფრო ნაკლებ ფასად შეიძინოს ელექტრული ენერგია და შემოიტანოს ქვეყანაში, ვიდრე შუამავალ კომპანიებს. თუ ეს ასეა და ალბათ ეს ასეა, მაშინ გამოდის, რომ ეს გადაწყვეტილება წაადგება ჩვენს ენერგოკომპანიებს იმ კუთხით, რომ ან სამომხმარებლო ტარიფი შემცირდება, რაც მოსახლეობისათვის ძალიან კარგია, ან ელექტრული ენერგიის შესასყიდი ფასი", - ამბობს ენერგეტიკოსი გია არაბიძე.

ესკოს მონაცემებით, საქართველოში ელექტროენერგიის შუამავალი კომპანია აზერბაიჯანიდან შპს თბილისის საინვესტიციო ჯგუფია; რუსეთიდან შპს Lux Energy-ი და სომხეთიდან შპს თრეიდინგ სოლუშენსი.

"ეს არის საწინააღმდეგო საბაზრო მექანიზმისა, მინდა პირდაპირ გითხრათ. საიდან ვიცით, რომ სახელმწიფო და ის მომლაპარაკებელი, რომელიც წავა სამინისტროს სახელით, უფრო კარგად მოელაპარაკება სხვა მხარეებს? უფრო ფართოდ მოიძიებს სხვადასხვა ალტერნატივებს და ოპტიმალურს აირჩევს? ჩვენი წინა გამოცდილება ამის რწმუნებას არ გვაძლევს", - აცხადებს "ანალიტიკაში" ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი.

რუსეთთან ერთად აზერბაიჯანი საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი იმპორტიორია. წელს 8 თვეში საქართველომ აზერბაიჯანიდან 10 მლნ დოლარის ღირებულების 164 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა. გასულ წელს აზებაიჯანიდან დენის იმპორტი 124%-ით 417 მლნ კვტ.სთ-მდე გაიზარდა. ჯამში, წელს საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტში 40.5 მლნ დოლარი გადაიხადა.

"რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონკურენცია და ის ფაქტი, რომ ელექტროენერგიის იმპორტი ორივე ქვეყნიდან შეგვიძლია, ჩვენთვის დადებითია, რადგან შესაძლებლობას გვაძლევს, ეს ორი მხარე ერთმანეთს შევაჯიბროთ და პროდუქტი იქიდან წამოვიღოთ, ვინც უფრო იაფ ფასს შემოგვთავაზებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარესთან მოლაპარაკების მაგიდასთან ერთი და იგივე პირი ეჯდეს. ადრე ეს ფუნქცია მაინც ესკოს ეკისრებოდა, თუმცა ესკო პირდაპირ „ინტერ რაოს“ კი არ ელაპარაკებოდა, არამედ შუამავალი კომპანიის გავლით მოქმედებდა, რის გამოც მოლაპარაკების დამატებითი ხარჯები მეორე მხარეს მიჰქონდა. რა თქმა უნდა, ბიზნესს არავინ გააკეთებს, თუ სარგებელი არ ნახა, თუმცა, თუ ესკო მოახერხებს პირდაპირ ამ კომპანიებთან გასვლასა და მოლაპარაკებას, ღირებულების გარკვეული კომპონენტი უბრალოდ ამოვარდება, რაც დიდი ალბათობით მოგვცემს დადებით შედეგს", - გვეუბნება Galt & Taggart-ის კვლევების სექტორის უფროსი მარიამ ჩახვაშვილი.

მისივე თქმით, დანაზოგი დიდი არ იქნება და მას ქვეყანაში საცალო თუ საბითუმო ბაზარზე დენის ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება. ბაზარზე ფასის კლებას არც ენერგეტიკოსი მიხეილ ოდიაშარია ელოდება.

"მოვისმინე განცხადებები, თითქოს ეს ტარიფზე ახდენდა ზეწოლას. ეს რა თქმა უნდა, სისულელეა, რადგან რეალურად, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოებაში არ არის მკაფიო გაგება იმისა, თუ რა განსხვავებაა საბითუმო და საცალო ბაზრებს შორის. საბითუმო ბაზარზე, შესაძლოა, ყოფილიყო გარკვეული გავლენა, თუმცა ესეც ვფიქრობ, ზღვაში წვეთია და ესკოს საბალანსო ელექტროენერგიის ფასზე მხოლოდ მცირედი განსხვავება ექნებოდა. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო კომპონენტს, როგორც მოგეხსენებათ, მას სემეკი არეგულირებს", - ამბობს მიხეილ ოდიშარია.

შუამავალი კომპანიებისთვის იმპორტში ჩართვის აკრძალვის შემდეგ უცნობია გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ექსპორტსა და ტრანზიტზეც გავრცელდება თუ არა, რომელიც ძირითადად აზერბაიჯანიდან თურქეთში ხორციელდება. წელს საქართველოს გავლით დენის ტრანზიტი არ დაფიქსირებულა. გასული წლის მონაცემებით ტრანზიტი წლიურად 19%-ით, 2023 წელთან შედარებით კი 4-ჯერ შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები