ელექტროენერგიის შიდა მოხმარება ნოემბერში წლიურად 6.7%-ით არის გაზრდილი, 11 თვის მონაცემებით კი 8.6%-ით. G&T-ის ინფორმაციით, ნოემბრის ზრდა ძირითადად განაპირობა სადისტრიბუციო კომპანიების მოხმარების 6.0%-იანმა და პირდაპირი მოხმარების 31.9%-იანმა მატებამ, რაც, თავის მხრივ, ჯორჯიან მანგანეზის მოხმარების 48.2%-იანი ზრდის შედეგი იყო.
ენერგო-პროს მოხმარება, ყოფილი კახეთის ენერგოდისტრიბუციის ჩათვლით, გაიზარდა 9.9%-ით, ხოლო თელასის აბონენტთა მოხმარება მცირედით შემცირდა (-0.7% წ/წ) გასული წლის საკმაოდ მაღალი ბაზიდან (+21.5% წ/წ). აფხაზეთის რეგიონის მოხმარება 1.1%-ით შემცირდა და ქვეყნის ჯამური მოხმარების 18.8% და ენგურ-ვარდნილის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 75.6% შეადგინა. ელექტროენერგიის ტრანზიტი აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ნოემბრის თვეში წლიურად 82.7%-ით შემცირდა და 22.8 გვტ.სთ. შეადგინა. ექსპორტი ნოემბერში უმნიშვნელო იყო (0.851 გვტ.სთ.).
მოხმარების ზრდა დაკმაყოფილდა ელექტროენერგიის იმპორტით აზერბაიჯანიდან (48.7%), რუსეთიდან (46.5%) და სომხეთიდან (4.8%). ელექტროენერგიის იმპორტი წლიურად 8.7-ჯერ გაიზარდა (ხოლო 2015 წლის ნოემბერთან შედარებით, 32.1%-ით) და ნოემბერში ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის 10.2% (110.2 გვტ.სთ.) შეადგინა. ცნობისათვის, ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა 4.2%-ით ჩამორჩებოდა დაგეგმილ დონეს.
ადგილობრივი წარმოება თითქმის უცვლელი დარჩა: ჰესების გენერაცია (ჯამური მიწოდების 61.1%) 2.5%- ით გაიზარდა, ხოლო თბოგენერაცია (ჯამური მიწოდების 28.2%) 14.2%-ით შემცირდა. ჯამური მიწოდების დანარჩენი 0.5% ქარის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ შეავსო.
ენგურ-ვარდნილის გენერაცია ნოემბერში 7.1%-ით შემცირდა, ხოლო სხვა მარეგულირებელი სადგურების და დერეგულირებული ჰესების გენერაცია შესაბამისად 3.3% და 30.0%-ითაა გაზრდილი.

























