2018 წლის პირველ ოთხ თვეში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 6.7%-ით გაიზარდა და 4.3 ტვტ.სთ შეადგინა. საინვესტიციო ორგანიზაცია Galt&Taggart-ის ინფორმაციით, ეს ზრდა ძირითადად უკავშირდება სადისტრიბუციო კომპანიების მოხმარების წლიურ 8.4%-იან ზრდას (ენერგო-პრო ჯორჯიას მოხმარება 9.7%-ით, ხოლო თელასის 6.1%-ით გაიზარდა). ამასთან, პირდაპირი მომხმარებლების და აფხაზეთის რეგიონის ჯამური მოხმარება, წლიურად 8.5% და 5.0%-ით შემცირდა.
პირველ ოთხ თვეში ადგილობრივი წარმოება წლიურად გაზრდილია 20.6%- ით, ძირითადად ჰიდროსადგურების გამომუშავების 39.8%-იანი ზრდის ხარჯზე. ჰიდროგენერაციაში ასეთი დიდი ზრდა განპირობებულია წლის დაბალი ბაზით, და კარგი ჰიდროლოგიური პირობებით. ჰესების გამომუშავების სიჭარბემ (დაგეგმილთან შედარებით 19.4%-ით მეტი) მნიშვნელოვნად შეამცირა თბოგენერაცია (-16.8% წ/წ) და იმპორტი (- 38.9%წ/წ). ამასთან, თბოგენერაცია 17.8%-ით, ხოლო იმპორტი 40.6%-ით ჩამორჩებოდა დაგეგმილ მაჩვენებელს. იმპორტის მოცულობამ შეადგინა 0.5 ტვტ.სთ (27.9 მლნ აშშ დოლარი), საიდანაც იმპორტის 88.6% განხორციელდა აზერბაიჯანიდან, ხოლო დანარჩენი მოცულობა შემოვიდა თურქეთიდან (6.7%) და რუსეთიდან (3.3%). ჰიდროგენერაციის სიჭარბემ ექსპორტის ნაადრევად დაწყებაც გამოიწვია. ექსპორტი აპრილის მეორე ნახევრიდან დაიწყო და 61.7გვტ.სთ შეადგინა (1.8 მლნ აშშ დოლარი).

























