ელექტროენერგიის მწარმოებლები მიიჩნევენ, რომ საქართველოში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტარიფების გაზრდა გარდაუვალია. ამის მიზეზი ლარის რეკორდული გაუფასურებაა.
"ვვარაუდობ, რომ აუცილებლად მოხდება ტარიფების გადახედვა, გამომდინარე იქიდან, რომ იმპორტი დოლარით ხორციელდება და დოლარით ნაყიდი ელექტროენერგია, უფრო მეტი ლარია დღეს, ვიდრე გუშინ იყო, სამწუხაროდ და ალბათ, ეს (ტარიფის გაზრდა) გარდაუვლი იქნება", - განაცხადა BM.GE-ისთან შპს "ფერის" ხელმძღვანელმა ლაშა იორდანიშვილმა, რომელიც სხვადასხვა ჰიდროსადგურის პროექტებზე მუშაობს.
ტარიფების ზრდას საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ფინანსური დირექტორი ზურაბ გელენიძეც ვარაუდობს. აღნიშნული ჯგუფი საქართველოში თბოელექტროსადგურს ფლობს, რომელიც თავის მხრივ, იმპორტირებულ ბუნებრივ გაზზე მუშაობს და ელექტროენერგიას აწარმოებს.
"გვესმოდა განცხადებები, რომ ელექტრომატარებლებზე და ელექტროენერგიაზე ფასები უნდა გაიაფდეს, რომ ყველაფერი იმაზე იაფი იქნება, ვიდრე ეს ჩვენ ბიზნესმენებს, ეკონომისტებს, ფინანსისტებს გვესმის.
მარტივი ციფრები, 5 გიგავატის დადგმული სიმძლავრის მშენებლობა არის გამოცხადებული ქვეყანაში ანუ ქვეყანაში დაპროექტებულია 5 გიგავატის მშენებლობა, საიდანაც უდიდესი ნაწილი არის შეფასების ეტაპზე, რამდენიმე მათგანი არის იმპლემენტაციის ეტაპზე.
როგორ წარმოგიდგენიათ, სად ვიქნებოდით ჩვენ, რომ უმეტესობა მათგანი იყოს დასრულების ეტაპზე, რა იქნებოდა სამომხმარებლო ფასი? ალბათ კატასტროფას ექნებოდა ხომ, ადგილი.
ბიზნესი ერთი ერთში მიჰყვება იმ ლოგიკას, რასაც ბაზარი იძლევა მსყიდველობითი მოთხოვნის ფონზე. აქედან გამომდინარე დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ, რომ ვერ იქნება საინვესტიციო ფონი აქტიური იმ შემთხვევაში, თუ არ არის შესაბამისი მსყიდველობითუნარიანი მოთხოვნა.
ეს არის ნომერ პირველი პრობლემა, მე რასაც დღეს ვხედავ, ფასი და მოლოდინები. როგორ წარმოგიდგენიათ 6-ცენტიანი ყველა ელექტროსადგური ერთბაშად რომ შესულიყო ექსპლუატაციაში, სად იქნებოდა ჩვენი სამომხმარებლო ფასი ან კიდევ უფრო მაღალი სიმძლავრის ელექტროსადგურები, რომელიც არამარტო დაანონსებულია, არამედ ხელმოწერილიც იყო და ზოგიერთი იმპლემენტაციის ეტაპზეცაა.
ახლა მიმდინარე ეტაპზეც პრობლემები გვექნება, იმიტომ, რომ ლარის კურსის გაუფასურების პირობებში გარდაუვალია სამომხმარებლო ტარიფის არგადახედვა. ეს ეხება როგორც ელექტროენერგიას, ასევე ეხება გაზს, ვინაიდან იქ წმინდა რეგულაციის თემაა და ორივე ტარიფი გადახედვას მოითხოვს. ლოგიკა არის ძალიან მარტივი", - აცხადებს ზურაბ გელენიძე.
კერძო სექტორისგან განსხვავებით, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ ტარიფების პროგნოზირება დღეს რთულია.
"მე როგორც ვიცი, სემეკ-ს თავის დროზე, როდესაც ეს ტარიფები დამტკიცდა, ჩადებული ჰქონდა ლუფტი. წლის ბოლოს გადახედავს სემეკი ტარიფებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. დღეს ამის პროგნოზირება ჩემთვის ძალიან რთულია", - განაცხადა ჩიქოვანმა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 2.97 ლარი ღირს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ტარიფების გეგმიური გადახედვა ბუნებრივი გაზის სექტორისთვის არის გათვალისწინებული. ამ მიმართულებით სამომხმარებლო ტარიფების დაანგარიშებისას გასულ წელს მარეგულირებელ კომისიას აღებული ჰქონდა კურსი დოლართან მიმართებით 2 ლარი და 70 თეთრი.

























