საქართველოში ელექტროენერგია გაძვირდა. ახალი ტარიფები სემეკმა დღეს დაადგინა.
„გროს ენერჯი ჯგუფის“ ფინანსური დირექტორის, ირაკლი ტყებუჩავას განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის მატება სექტორისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
მისი შეფასებით, ტარიფის კორექტირება აუცილებელი ნაბიჯია, რომელიც დადებითად აისახება ინვესტორთა განწყობებზე და ენერგეტიკის დარგში ახალი კაპიტალის შემოდინებას წაახალისებს.
ტყებუჩავა განმარტავს, რომ ბოლო წლებში სამშენებლო მასალებისა და მომსახურების ფასების ზრდამ ძველი, ფიქსირებული ტარიფებით ოპერირება პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა.
“სექტორი ელოდებოდა ამ ზრდას. მოგეხსენებათ, სამშენებლო მასალის, მომსახურების - ყველაფრის ფასი იზრდება წლიდან წლამდე. შეუძლებელია ფიქსირებული ტარიფით მუშაობა ისე, რომ არ გაიზარდოს, ვთქვათ, ელექტროენერგიის წარმოების და გადაცემის ფასი. ვინაიდან, 5 წლის წინ იგივე მშენებლობა გადამცემი ხაზის გაცილებით იაფი იყო, ვიდრე დღეს. ამიტომ სექტორი ამ ზრდის მოლოდინში იყო. ვფიქრობ, ეს დადებითად აისახება ინვესტორების განწყობებზე და გაიზრდება ინვესტიციები ენერგეტიკის დარგში,”- ამბობს გროს ენერჯი ჯგუფის ფინანსური დირექტორი ირაკლი ტყებუჩავა.




























