საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ირინა მილორავას ინფორმაციით, ახალი კანონპროექტის თანახმად, მთავრობა გადაწყვეტს, ელექტროენერგიის შესაძენად თავისუფალ ბაზარზე კიდევ რომელი მომხმარებლები ივაჭრებენ.
როგორც ირინა მილორავამ BM.GE-ს განუცხადა, ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის გაგრძელდება მსხვილი მომხმარებლების ბაზარზე გასვლა, რადგან ეს მთავრობის მიერ პარლამენტში კანონპროექტის ინიცირების ვადებზეა დამოკიდებული.
“საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს, რომელი კრიტერიუმით, რომელი მომხმარებლები გავლენ თავისუფალ ბაზარზე. ასეთია ბოლო კანონპროექტი. ასეთი მიდგომები აბსოლუტურად შესაძლებელია, როდესაც მთავრობა განსაზღვრავს ბაზრის გახსნილობის ეტაპებს. თავისთავად ცხადია, რომ თავდაპირველად ისევ მსხვილ, მაღალი ძაბვის მომხმარებლებზე იქნება საუბარი, რომლებიც დაახლოებით, 10 მილიონი კვტსთ-ის ფარგლებში მოიხმარენ ელექტროენერგიას თვიურად, მაგრამ შემდეგი ეტაპი აუცილებლად, ყველა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის თავისუფალ ბაზარზე გაშვება იქნება“, - განაცხადა ირინა მილორავამ.
იქიდან გამომდინარე, რომ ელექტროენერგიის მოქმედი ტარიფები სამი წლის ვადით, 2018-2020 წლებისთვის არის დათვლილი, BM.GE დაინტერესდა, როგორ შეიცვლება ტარიფები იმ შემთხვევაში, თუ მსხვილი მომხმარებლების ბაზარზე გასვლა მიმდინარე წლის ბოლომდე არ გაგრძელდა.
„ამ ცვლილებას რა თქმა უნდა, სამომხმარებლო ტარიფზე გავლენა ექნება, რადგან 2017 წელს ტარიფი განსხვავებულ მოცემულობაში დავთვალეთ - გათვალისწინებული გვქონდა, რომ დიდი მომხმარებლები გადიოდნენ ბაზარზე. შესაბამისად, სულ სხვა შესყიდვის კალათა იქნა გათვალისწინებული განაწილების კომპანიებისათვის. რა მოუვა ტარიფს, ამაზე პირდაპირი პასუხი არის მეთოდოლოგიაში. ჯამში, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, იმდენად არსებითად უნდა შეიცვალოს კომპანიის შემოსავლები, რომ მას გაუჩნდეს უფლება, მიმართოს მარეგულირებელ კომისიას, მაგალითად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არ მოხდა იმ დიდი მომხმარებლების ბაზარზე გასვლა, მაგრამ სანაცვლოდ ჰქონდა უკეთესი ჰიდროლოგია, ანუ გაცილებით მეტი ჰიდრორესურსები იქნა გამომუშავებული ქვეყანაში, ვიდრე ჩვენ გვქონდა დაგეგმილი. ამიტომ ჩვენ ამ წუთას ველოდებით, რომ თუ კომპანიები გადაწყვეტენ და ისინი დაასაბუთებენ, რომ ცვლილება არსებითია, ისინი კომისიას მიმართავენ“, - განმარტა სემეკის თავმჯდომარემ.
შეგახსნებთ, რომ მიმდინარე წლის პირველი მაისიდან ელექტროენერგიას სამი უმსხვილესი მომხმარებელი თავისუფალი ბაზრის პრინციპით ყიდულობს. ბაზარზე გავიდნენ ის კომპანიები, რომლებმა 2018 წლის პირველ სამ თვეში საშუალოდ, 15 მილიონი კილოვატისაათი ელექტროენერგია მოიხმარეს.