ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ბრძანების თანახმად, რამდენიმე პირს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას ჩამოართმევს.
მიზეზი, ქსანი-სტეფანწმინდის ახალი 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის და ახალციხე – ბათუმის 220 კვ. ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა გახდა. ელექტროგადამცემი ხაზების პროექტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე გადის, რომლებზეც დუშეთის რაიონის სოფელ ჩოლაბაურში და ადიგენის რაიონის, ლელოვანი-აქეთა ხუროში მდებარეობს.
მესაკუთრეებს სახელმწიფომ განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპესაციო თანხის სანაცვლოდ ქონების ნებაყოფლობით გასხვისება შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით აღნიშნულ პირებს მიწას იძულებით ჩამოართმევენ. ბრძანებას საფუძვლად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება დაედო.
„ქსანი-სტეფანწმინდის ახალი 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას" მიენიჭოს პროექტის ფარგლებში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება .“ „ ახალციხე – ბათუმის“ 220 კვ. ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭოს პროექტის ფარგლებში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება“ - ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ბრძანებებში.
უძრავი ქონების მესაკუთრეებს მინისტრის ბრძანების გასჩივრების უფლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 1 თვის ვადაში აქვთ.

























