მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტრომობილების ბატარეები მოსალოდნელზე მეტად ძლებენ?

ევ

ელექტრომობილების შეძენის საწინააღმდეგო ერთ-ერთ მთავარ არგუმენტს წლების განმავლობაში ელემენტების ექსპლუატაციის მოკლე ვადა წარმოადგენდა. კრიტიკოსები ეჭვქვეშ აყენებდნენ, შეძლებდნენ თუ არა ძვირად ღირებული აკუმულატორები რამდენიმე წელზე მეტხანს მუშაობას, თუმცა ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა საპირისპირო ტენდენციაზე მიუთითებს.

რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ თანამედროვე ელექტრომობილების ბატარეები მოლოდინზე ბევრად უფრო გამძლეები არიან და ასობით ათასი კილომეტრის გავლის შემდეგაც ინარჩუნებენ პირვანდელი რესურსის უდიდეს ნაწილს.

ანალიტიკური კომპანია Recurrent-ის მონაცემებით, ხუთწლიანი ექსპლუატაციის შემდეგ ელექტრომობილების საშუალო სიჯანსაღე პირვანდელი მაჩვენებლის 95%-ს შეადგენს.

ამ სტატისტიკის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ელემენტების ქიმიური შემადგენლობის დახვეწამ, თერმული მართვის სისტემებმა და სპეციალურმა პროგრამულმა უზრუნველყოფამ განაპირობა, რომელიც უჯრედებს გრძელვადიანი ცვეთისგან იცავს. აღსანიშნავია, რომ 2011-2016 წლებში გამოშვებული ელექტრომობილების შემთხვევაში ელემენტის შეცვლა ყოველ მეთორმეტე მანქანას სჭირდებოდა, 2022 წლიდან წარმოებულ მოდელებში კი ეს მაჩვენებელი მკვეთრად, 0.3%-მდე შემცირდა.

როგორც სტატისტიკიდან ჩანს, მაღალი სიმძლავრის სწრაფი დამტენების ხშირი გამოყენება ელემენტის დეგრადაციას აჩქარებს. კერძოდ, მაღალი სიმძლავრით ხშირად დამუხტული ელემენტები რამდენიმე წლის შემდეგ საწყისი ტევადობის 89.7%-ს ინარჩუნებენ, ხოლო დაბალი სიხშირის სწრაფი დამუხტვისას მაჩვენებელი 94.9%-ს შეადგენს. ამასთან, ელემენტის სამუშაო რესურსს ამცირებს მისი მუდმივად 100%-მდე დამუხტვა, დიდი ხნით განმუხტულ მდგომარეობაში ტოვება და ექსტრემალურ ტემპერატურაზე მუშაობა.

საგულისხმოა, რომ საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ ელემენტის შეცვლის ღირებულება საკმაოდ მაღალია და $5 000-დან $16 000-მდე მერყეობს, თუმცა ავტომწარმოებლები სრულად შეცვლის ნაცვლად უკვე ცალკეული მოდულების შეკეთების პრაქტიკას ნერგავენ.

ცნობისთვის, ელექტრომობილების პირველ მოდელებს, როგორიც იყო მაგალითად Nissan Leaf-ი, ელემენტის გაგრილების თანამედროვე სისტემა არ გააჩნდა, რაც Leaf-ს გაცილებით მოწყვლადს ხდიდა დეგრადაციის მიმართ, ვიდრე ეს თანამედროვე EV-ების შემთხვევაში ფიქსირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები