„E-Motors Georgia“-ს გენერალური დირექტორი ირინა დარჩია bm.ge-ს რუბრიკა Edwizer-ის სტუმარი იყო, სადაც კომპანიაში გასული წლის შედეგებზე, ელექტრომობილების ბაზრის ტენდენციებზე, მომხმარებელთა ქცევის ცვლილებასა და მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა.
ირინა დარჩიას თქმით, კომპანიამ წლის მთავარი მიზანი – გაფართოება და ახალი ფილიალის გახსნა – წარმატებით შეასრულა. როგორც მან აღნიშნა, გაყიდვებმაც მოლოდინები გაამართლა და მენეჯმენტი ახალი წლის კიდევ უფრო წარმატებულ სტარტს ელოდება.
„ჩვენთვის წელი კარგად ჩაიარა. ის გეგმა, რაც გვქონდა – გაფართოება და ახალი ფილიალის გახსნა შევასრულეთ. ეს იყო ჩვენი ნომერ პირველი მიზანი. გაყიდვებმაც იმედები არ გაგვიცრუა და ვფიქრობ, რომ ახალი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება“, – განაცხადა ირინა დარჩიამ.
მისივე თქმით, ელექტრომობილების გაყიდვის პროცესში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მომხმარებლის ნდობა იყო, განსაკუთრებით დაზღვევის მიმართულებით. როგორც დარჩიამ აღნიშნა, ბაზარზე არსებობდა მიდგომა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი ნაკლებად აღიქმებოდა, თუმცა დროთა განმავლობაში ეს დამოკიდებულება შეიცვალა.
"ცოტა შორიდან დავიწყებ. ანუ, რისკები ძირითადად იყო ნდობაზე, რამდენად გვენდობოდა მომხმარებელი, რაც ვფიქრობ, გადავლახეთ. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ კლიენტს გაეთავისებინა ის რისკი, რომ თუ ავტოკატასტროფა მოხდებოდა, მანქანა უნდა ყოფილიყო დაზღვეული. ეს იყო ძალიან რთული, იმიტომ, რომ ქართველებს ზოგადად ეგონათ - არაფერი არ მომივა, ზოგადად ასეთი მიდგომა იყო. თუმცა, მაგაშიც ვფიქრობ, რომ გარდამტეხი როლი ვითამაშეთ ჩვენ, ჩვენი რჩევებით, რომ დაზღვევა ყოველთვის კარგია და ახლა ვიტყვი, 100%-დან 100-ვე გადის დაზღვევით ავტომობილი ჩვენგან.
არა მარტო ელექტრომობილის, შიდა წვის ძრავიან ავტომობილებზეც უკვე მიხვდნენ, რომ ცენტრიდან როდესაც მანქანა გამოგყავს და არის გარანტიაზე, რა თქმა უნდა, ჯობია, რომ იყოს დაზღვეული... ჯანმრთელობაზე საერთოდ აღარ ვსაუბრობ, იმიტომ რომ იმდენად მნიშვნელოვანი არის დაზღვევის ქონა, რომ მე ვიძახი ხოლმე, რომ ჩემი საყვარელი სადაზღვევოებით თუ გააკეთებენ ძაღლის დაზღვევას, ძაღლსაც დავაზღვევ-თქო, იმიტომ რომ მართლა ყველაფერი, ყველანაირი რისკი დაზღვეული უნდა გქონდეს ალბათ ცხოვრებაში". - აღნიშნა „E-Motors Georgia“-ს ხელმძღვანელმა.
ირინა დარჩიამ ასევე ხაზი გაუსვა მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ კომპანიისთვის კლიენტის კმაყოფილება უმთავრესი პრიორიტეტია.
„თუ მაღალი ხარისხის სერვისი არ იქნება, მომხმარებელი არასოდეს იქნება კმაყოფილი. თითქმის 20 წელია მომსახურების სფეროში ვმუშაობ და ჩემთვის კლიენტი უმნიშვნელოვანესია. ჩვენი გუნდი – დამფუძნებლიდან დაწყებული რიგითი თანამშრომლით დამთავრებული – მთლიანად მომხმარებელზეა ორიენტირებული“, – განაცხადა მან.
ირინა დარჩიას შეფასებით, ელექტრომობილების განვითარება საქართველოში უკვე შეუქცევადი პროცესია, რომლის წარმატებისთვის აუცილებელია ინფრასტრუქტურა, ფინანსური ხელშეწყობა და მომხმარებელზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის სერვისი.




























