მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტრონული არჩევნები საქართველოში 2024

ცესკო
12.03.24 08:31
2487

სახელმწიფოს მმართველების არჩევის კონცეფცია ჯერ კიდეც ძველ ბერძნულ დემოკრატიაში იღებს სათავეს - ათენის მკვიდრნი დიდ მოედანზე იკრიბებოდნენ და პირდაპირი ხმის მიცემის წესით, თავიანთ წარმომადგენელსა და ინტერესების დამცველს ირჩევდნენ.

მართალია, 21-ე საუკუნეში ამ პროცესმა სახე და ფორმა იცვალა, თუმცა მნიშვნელობა კვლავ არ დაუკარგავს. საარჩევნო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ვნებათაღელვას იწვევს და, როგორც წესი, საზოგადოებაში პროგრესის იმედს აჩენს.

ამ ბლოგში არჩევნებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ვისაუბრებთ. ამასთანავე, განვიხილოთ 2024 წლის ელექტრონული არჩევნები - მოგაწვდით იმ ინფორმაციას, რომელიც პროცესის სწორად წარმართვაში დაგეხმარებათ.

რა არის არჩევნები და რა მნიშვნელობა აქვს მას ქვეყნის განვითარებაში?

კლასიკური განმარტების მიხედვით, არჩევნები არის პროცესი, რომლის დროსაც მოქალაქეები ხმის მიცემის გზით ირჩევენ პირს ან პირთა ჯგუფს, რომელიც სამომავლოდ ოფიციალურ თანამდებობას, საკანონმდებლო ხელისუფლებასა თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, დაიკავებს.

არჩევნები ერთგვარი მექანიზმია, რომელიც ხალხის ნების გამოხატვას ისახავს მიზნად. ეს პროცესი გაძლევთ შესაძლებლობას გადაწყვიტოთ ვინ გსურთ თქვენი ინტერესების დამცველად. შესაბამისად, შინაარსობრივი თვალსაზრისით, არჩევნები სახელმწიფოებისათვის მეტად მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც რამდენიმე საკითხს უზრუნველყოფს.

წარმომადგენლობა

თავისი არსით არჩევნები წარმომადგენლობითობას უზრუნველყოფს. იგულისხმება, რომ მოქალაქეები ლიდერებსა და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებს თავიანთი ღირებულებების, ინტერესების, მისწრაფებების მიხედვითა და ნდობის საფუძველზე ირჩევენ. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივ თვითმმართველობებში თითოეული არჩეული მოხელე საზოგადოების გარკვეულ ჯგუფის ინტერესებს იცავს. წარმომადგენლობითი მმართველობის პრინციპი დემოკრატიული სისტემის ლეგიტიმურობისათვის უმნიშვნელოვანესია.

ანგარიშვალდებულება

არჩეულ პირებს პასუხისმგებლობა მოქალაქეების წინაშე ეკისრებათ. მათ მიერ გადადგმული სტრატეგიული ნაბიჯები და მიღებული გადაწყვეტილებები ნაცვლად პირადი ინტერესისა, საზოგადოების სურვილებს უნდა ემსახურებოდეს. ამასთანავე, არჩეული მაღალი თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან მოსახლეობას განხორციელებული საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ. შესაბამისად, ჭეშმარიტად დემოკრატიულ სისტემებში კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხი ფიქსირდება.

მონაწილეობა

არჩევნები მოქალაქეებს მმართველობის სისტემაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას აძლევს. დემოკრატიული იდეისათვის კი ეს ფაქტორი მეტად მნიშვნელოვანი და, შეიძლება ითქვას, რომ ფუნდამენტიც კია, რადგან პოლიტიკური მოწყობის ეს სისტემა პასუხისმგებლობიან საზოგადოებაზე დგას.

პოლიტიკური ინტეგრაცია

ამ ტიპის ინტეგრაცია ყველა მოქალაქის, იქნება ეს უმრავლესობა, უმცირესობა თუ მარგინალიზებული ჯგუფები, პოლიტიკურ პროცესებში თანაბარი მონაწილეობის ხელშეწყობას გულისხმობს. ეს, ერთი მხრივ, მრავალფეროვანი ინტერესების წარმომადგენლობით დაცვას ისახავს მიზნად, მეორე მხრივ, არჩევნები საუკეთესო მექანიზმია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის დიალოგისა და ურთიერთობის წახალისებისათვის. პროცესი კი სოციალური კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას უზრუნველყოფს.

არჩევნები საქართველოში

2024 წელს საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, რომლის შედეგებიც საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური ძალაუფლების ახალ განაწილებას განსაზღვრავს. სწორედ ეს სახელმწიფო ინსტიტუცია ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლების უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობას იღებს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე, ამასთანავე, კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობასა და გადაწყვეტილებებს.

პრეზიდენტის არჩევის ახალი წესი

ახალი წესის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი პირდაპირი არჩევნების ანუ მოქალაქეების ჩართულობის შედეგად აღარ აირჩევა. პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე, ღია კენჭისყრის გზით საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

საარჩევნო კოლეგია 300 წევრისაგან შედგება, იგულისხმება როგორც საქართველოს პარლამენტის წევრები, ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი ორგანოების წარმომადგენლები.

როდის არის არჩევნები საქართველოში?

პრეზიდენტის არჩევის ახალი რეგლამენტიდან გამომდინარე, მოქალაქეები მონაწილეობას მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებენ. როგორც წესი, ის 4 წელიწადში ერთხელ, შემოდგომას იმართება. 2024 წლამდე საპარლამენტო არჩევნები შერეული წესით, მაჟორიტარული და პროპორციული სისტემებით ტარდებოდა. იგულისხმება, რომ ბოლო მოწვევის პარლამენტის 150 წევრიდან 120 არჩეულია პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით. ამიერიდან კი ყოველი მომდევნო არჩევნები სრულად პროპორციულად ჩატარდება.

პროპორციული საარჩევნო სისტემა

საარჩევნო სისტემის მთავარი იდეა მაქსიმალური წარმომადგენლობითობის უზრუნველყოფაა. მაჟორიტარული სისტემის შემთხვევაში თანამდებობას იკავებს ის, ვინც მარტივ უმრავლესობას მოიპოვებს. პროპორციული სისტემის შემთხვევაში კი ქვეყანა საარჩევნო უბნებად იყოფა, რომელშიც ამომრჩეველი რამდენიმე დეპუტატს ირჩევს. პარლამენტში შესული პოლიტიკური პარტიებს წევრთა რაოდენობა კი მიღებული ხმების პროპორციულად განისაზღვრება. იგულისხმება, რომ თუკი პარტია სრული ხმების 45%-ს მიიღებს, 150 დეპუტატიდან 67 ადგილი შეხვდება.

პროპორციული სისტემის უპირატესობები

როგორც აღინიშნა, პროპორციული საარჩევნო სისტემა მაქსიმალურ წარმომადგენლობითობას გულისხმობს, შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში საზოგადოების ყველა ჯგუფის ინტერესების დამცველი მოიძებნება. ეს ფაქტორი მაჟორიტარულ სისტემასთან შედარებით აშკარა უპირატესობაა, რადგან იმ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობას ფლობს ის, ვინც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს. შესაბამისად, მცირე ჯგუფების არჩევანი თითქმის უგულებელყოფილია.

პროპორციული არჩევნების შედეგად დაკომპლექტებულ პარლამენტში, როგორც წესი, ძალთა ბალანსი მეტად დარეგულირებულია და მმართველობის ბერკეტები ერთი პოლიტიკური ძალის ხელში არ არის მოქცეული.

პროპორციული სისტემის უარყოფითი მხარეები

გამომდინარე იქიდან, რომ პროპორციული არჩევნები პარლამენტში პატარა პარტიების მოხვედრას მეტად ამარტივებს, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მარგინალიზებული ძალების მონაწილეობის ალბათობაც იზრდება.

ამ სირთულის თავიდან ასაცილებლად, საარჩევნო ბარიერია შემოღებული. იგულისხმება, რომ პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა პარტიებმა ამომრჩეველთა ხმების წინასწარ განსაზღვრული მინიმალური რაოდენობა უნდა მიიღონ. როგორც წესი, ეს მაჩვენებელი 3-5% არ აღემატება ხოლმე, საქართველოში კი 5%-ია.

როგორც აღინიშნა, პროპორციული არჩევნების შედეგად პარლამენტში არ არსებობს ორი წამყვანი ძალა, რომელზეც გადაწყვეტილებების მიღებაა დამოკიდებული. იმისათვის, რომ საკანონმდებლო შეთანხმება მიღწეულ იქნას, საჭიროა რამდენიმე ძალის შეთანხმება და კოალიციების შექმნა. ეს პროცესი კი გადაწყვეტილებების მიღებასა და არსებულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ახანგრძლივებს.

ელექტრონული არჩევნები 2024

2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. ქართველი ამომრჩევლის თითქმის 90% ხმას სპეციალური ელექტრონული აპარატების დახმარებით მისცემს, დარჩენილი ნაწილი კი ტრადიციული მეთოდით.

რას არის ელექტრონული არჩევნები?

მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან დემოკრატიებში ელექტრონული არჩევნები დიდი ხნის დამკვიდრებული პრაქტიკაა და ამ დროისათვის სხვადასხვა ფორმით გვხვდება. ამ ტიპის არჩევნების იდეა ამომრჩეველთა იდენტიფიკაციას, ხმის მიცემის, დათვლისა და შეჯამების პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების ინტეგრირებას გულისხმობს.

ელექტრონული არჩევნების დანერგვა ნებისმიერი საარჩევნო სისტემის პირობებშია შესაძლებელი, ეს საკითხი ამგვარი სიახლისათვის ბარიერს არ წარმოადგენს, თუმცა პროცესის ტექნიკური მხარე შესაძლოა განსხვავდებოდეს. მაგალითად, ელექტრონული ხმის მიცემა სრულად ინტეგრირებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ესტონეთში, საფრანგეთში და ა.შ. თუმცა, მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ქვეყნები განსხვავებულ ტექნოლოგიებსა და მიდგომებს იყენებენ.

მაგალითად, შესაძლოა ელექტრონული ტექნოლოგიები არჩევნების პროცესში სრულად ინტეგრირებული იყოს, იგულისხმება ამომრჩევლის იდენტიფიკაცია, ხმის მიცემის პროცესი და ა.შ. ამასთანავე, მხოლოდ ხმების დათვლის პროცესის ავტომატიზირებაც მიღებული პრაქტიკაა.

საქართველოში 2024 წლისათვის საარჩევნო უბნები აღჭურვილი იქნება სპეციალური მოწყობილობით, რომელიც მოქალაქეთა იდენტიფიცირებასა და ვერიფიკაციას მოახდენს. აპარატის მარცხენა მხარეს განთავსებულია MRZ წამკითხველი, რომელიც საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაზე დატანილ მონაცემებს კითხულობს და მის იდენტიფიცირებას ახდენს.

აღსანიშნავია, რომ მოწყობილობა ითვალისწინებს უსაფრთხოების ყველა ნორმას, მაგალითად, მასში ჩამონტაჟებულია ელემენტი, რომელიც ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, მის შეუფერხებელ მუშაობას უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, საარჩევნო უბნებზე განთავსებული იქნება ხმის მთვლელი მოწყობილობა. აპარატში ჩატვირთულია სპეციალური პროგრამა, რომელიც კონკრეტული საარჩევნო უბნის ბიულეტენზე დატანილი ინფორმაციის, ყუთში მოთავსებული ბიულეტენების, სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობის აღრიცხვის შესაძლებლობას იძლევა.

ელექტრონული არჩევნები - რა უპირატესობა აქვს ტრადიციულ მეთოდთან შედარებით

საარჩევნო პროცესებში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებამ, ერთი მხრივ, ბევრი შესაძლებლობა გააჩინა, მეორე მხრივ კი, ქვეყნებს ახალი გამოცდილების მიღებისა და განვითარების შესაძლებლობა მისცა.

სიზუსტე და სისწრაფე

საარჩევნო კომისიის წევრების მიერ დათვლილ შედეგებში უზუსტობების ალბათობა არსებობს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ მეთოდით საბოლოო შედეგების მიღება დროში გახანგრძლივებული პროცესია.

ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კი ნაკლებია ცდომილებების შანსი, ხოლო აპარატულ დათვლას, ჩვეულებრივ მიდგომაზე ნაკლები დრო სჭირდება. ელექტრონული სისტემის პირობებში, საარჩევნო უბნები სპეციალური ტექნოლოგიითაა აღჭურვილი, რომელიც მოქალაქის არჩევანს მარტივად აფიქსირებს და უბნის დახურვიდან მოკლე პერიოდში საბოლოო შედეგებს გვთავაზობს.

გაყალბების ნაკლები ალბათობა

ელექტრონული არჩევნების იდეის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი მის მიუკერძოებლობაში მდგომარეობს. აქამდე არსებული მიდგომის შემთხვევაში ხარვეზებისა და მიკერძოების საშიშროება არსებობს. შესაბამისად, ელექტრონული ხმის მიცემა ერთგვარი მექანიზმია, რომელიც ამ პრაქტიკას აღმოფხვრის. ამასთანავე, ვერიფიკაციის ელექტრონული აპარატის დახმარებით მრავალჯერადი ხმის მიცემა თითქმის შეუძლებელი ხდება.

გაზრდილი ხარჯთეფექტიანობა

ჩვეულებრივ, არჩევნებთან დაკავშირებული ფინანსები ყოველთვის ძალიან მაღალია. მაგალითად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის გაწეულმა ხარჯმა დაახლოებით 34 მილიონი ლარი შეადგინა. მართალია, არჩევნების ელექტრონულ ვერსიაზე გადასვლა დიდი ინვესტიციაა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად ამცირებს დანახარჯებს, რადგან პროცესში ჩართული ადამიანური რესურსის რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება.

ნდობის მაღალი ხარისხი

საარჩევნო სისტემისადმი ნდობის არსებობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. აუცილებელია, რომ მოქალაქეებს სჯეროდეთ იმ ორგანოების, რომლებიც შედეგების დათვლასა და აღსრულებაზე არიან პასუხისმგებელნი.

შესაბამისად, ნდობის გაღრმავების საკითხში ელექტრონული არჩევნები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. მოქნილი, ინკლუზიური და მიუკერძოებელი სისტემა დემოკრატიის ხარისხზე დადებითად აისახება.

როგორ მიმდინარეობს ელექტრონული ხმის მიცემის პროცესი

  1. საარჩევნო უბანზე მისვლის შემდეგ, ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი წარუდგინეთ და მარკირების პროცედურა გაიარეთ;
  2. მიდით იმ მითითებულ სარეგისტრაციო მაგიდასთან, რომელთანაც ორზე მეტი ამომრჩეველი არ იმყოფება;
  3. რეგისტრატორი თქვენს პირადობის მოწმობას ვერიფიკაციის აპარატში გაატარებს. იმ შემთხვევაში, თუ არაელექტრონული პირადობა გაქვთ ან ადგილზე პასპორტი წარადგინეთ, მაშინ მონაცემების შეყვანა ხელით მოხდება;
  4. გაიკეთეთ მარკირება მარჯვენა ხელის ცერა ან საჩვენებელ თითზე და ხელი მოაწერეთ ამომრჩევლის ვინაობის დამადასტურებელ ქვითარს;
  5. რეგისტრატორი ხმის მიცემის ბიულეტენს გადმოგცემთ, სადაც თავდაპირველად საცდელი წრე უნდა გააფერადოთ;
  6. შედით საარჩევნო კაბინაში, მარკერით არჩევანი გააკეთეთ და ის კონვერტში მოათავსეთ;
  7. საბოლოო საფეხური კი ბიულეტენის ხმის დამთვლის აპარატში მოთავსებაა.

ხმის მიცემის პროცედურა შშმ პირებისათვის

ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს ხმის მიცემა შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მდებარე ნებისმიერ ადაპტირებულ უბანზე შეუძლია, რომლის მოძებნასაც სპეციალურად შექმნილ საარჩევნო რუკაზე შეძლებთ.

მნიშვნელოვანია, რომ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველმა არჩევნებამდე არაუგვიანეს 11 დღისა წერილობითი განცხადებით ან სატელეფონო ზარით მიმართოს შესაბამის საოლქო/საუბნო კომისიას ან დარეკოს ცესკოს ცხელ ხაზზე.

რაც შეეხება ზედა კიდურების არ მქონე პირებს, ხმის მიცემის პროცედურისათვის მომზადების პროცესში ისინი არ გადიან მარკირებას და, ამასთანავე, არჩევნებში მონაწილეობას სხვა პირის დახმარებით იღებენ. ხოლო უსინათლო მოქალაქეები დამოუკიდებლად მონაწილეობენ, რადგან მათთვის სპეციალური ბიულეტენია განკუთვნილი.

იმისათვის, რომ გადაამოწმოთ ან დაადგინოთ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რომელ ოლქში/უბანში უნდა მიხვიდეთ, იხილეთ ცესკოს ამომრჩეველთა ერთიანი სია, სადაც პირადი მონაცემების შეყვანის საფუძველზე დეტალურ ინფორმაციას იხილავთ. საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზეა შესაძლებელი.

ხშირად დასმული კითხვები

ვის შეუძლია არჩევნებში მონაწილეობის მიღება?

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე 18 წელი უსრულდება.

საარჩევნო პროცესში სრულად ინტეგრირებულია ელექტრონული სისტემა?

2024 წლის არჩევნები უბნებსა და ოლქებში მოქალაქის იდენტიფიცირებისა და ხმის დათვლისათვის განკუთვნილი მოწყობილობების გამოყენებას გულისხმობს. არჩევანის დაფიქსირება კი, ტრადიციულად, ბეჭდურ ბიულეტენში ხდება.

როგორ მისცემენ ამომრჩევლები ხმას იმ უბნებზე, სადაც ელექტრონული სისტემა არ იქნება?

47 საარჩევნო უბანზე არჩევნები აქამდე არსებული წესის მიხედვით ჩატარდება, თუმცა ტექნოლოგიები ამ შემთხვევაშიც გამოიყენება. კერძოდ, საარჩევნო ბიულეტენები დასკანერდება, გაციფრულდება და შესაბამის პლატფორმაზე აიტვირთება.

ავტორი: კომპანია "ალპაკას" წარმომადგენელი სალომე სუხიტაშვილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები