"ელექტრონული კომერციის შესახებ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ პირატულ პროდუქციასთან ბრძოლის ნაწილი გამარტივდება და დროში შემოკლდება“, - ამის შესახებ საქმის კურსის ეთერში საქპატენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ გოგილიძემ განაცხადა. მისი თქმით, უფლების მფლობელისთვის უფრო სწრაფი და ადვილი იქნება საკუთარი უფლებების დაცვა.
"კონტენტის უფლების მფლობელები დღესაც სათანადოდ ვერ იყენებენ კანონით მონიჭებულ უფლებებს. ჯერ-ჯერობით ერთი კომპანიაა მხოლოდ, რომელიც აქტიურად იყენებს იმ საშუალებებს, რაც კანონში არის გაწერილი, ეს არის კომპანია Microsoft.
ამის მიზეზი ერთის მხრივ ისაა, რომ ბაზრის მიმართ მათი ინტერესი დაბალია, რადგან პატარა ქვეყანა ვართ და მეორეს მხრივ, ბევრმა კომპანიამ არ იცის საქართველო სად არის. ზოგი თვლის, რომ ის არის დსთ-ში, ზოგიერთი კი თვლის, რომ ის არის ევროპასთან ასოცირების ნაწილში. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ვიყენებთ ყველა საერთაშორისო არხს იმისთვის, რომ მივიტანოთ ინფორმაცია ნებისმიერ უფლება მფლობელამდე, რომ საქართველოში უფლებების აღსრულება ადვილი და იაფია" - განაცხადა ნიკოლოზ გოგილიძემ.
ელექტრონული კომერციის შესახებ კანონის ამოქმედება 2018 წელს იგეგმება. კანონი უზრუნველყოფს ინტერნეტ-სივრცეში, ელექტრონული კომერციის პროცესში, მომხმარებელთა უფლებების და მათი პერსონალური მონაცემების დაცვას.
კანონპროექტით, ავტორის მიმართვის საფუძველზე არალეგალური კონტენტის ინტერნეტ სივრციდან ჩახსნა, უშუალოდ სერვის პროვაიდერს შეეძლება, ამასთან უფლების მფლობელს მისი საავტორო უფლებების დარღვევის შემთხვავში შეეძლება დავა სასამართლოში უშუალოდ სერვის პროვაიდერთან დაიწყოს და კანონით გათვალისწინებული ჯარიმების სწორედ მას დაეკისროს.

























