მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტრონული რეცეპტების სისტემა უკეთესად უნდა მუშაობდეს - მინისტრი

63ef8367d7ab4
მარიამ დემეტრაშვილი
17.02.23 17:50
656
ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე ელექტრონული რეცეპტების სისტემის ხარვეზებზე ისაუბრა.

დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, მინისტრმა თქვა, რომ მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემაზე ათასობით აფთიაქი ჯარიმდება, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

„ელექტრონული რეცეპტების სისტემა უკეთესად უნდა მუშაობდეს, მინდა რომ ასე იყოს. ყველა ძალას ვხმარობთ, რომ ეს პრობლემა მოვაწესრიგოთ. ათასობით აფთიაქს ვაჯარიმებთ, თუმცა ეს საკმარისი არ არის. დავიწყეთ კლინიკებში შემოწმებაც. ექიმი როცა პაციენტს იღებს და ისტორიას აკეთებს, ვნახულობთ ამ ისტორიას, რა მედიკამენტი უნდა გამოეწერა ექიმს და ამის მიხედვით ვნახულობთ, ელექტრონული რეცეპტების ბაზაში გააკეთეს თუ არა ჩანაწერი“, - თქვა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ექიმებს ელექტრონული რეცეპტის გამოწერის მოტივაცია არ აქვთ, არის კონკრეტული ბრენდების დასახელებით მედიკამენტების გამოწერის აკრძალვა.

„ჩვენ ექიმებს, ვუკრძალავთ, რომ ბრენდული დასახელებით გამოწერონ მედიკამენტები, მათი ვალდებულებაა ელექტრონული რეცეპტი გამოწერონ გენერიკულით, მაგრამ ექიმს აქვს მოტივაცია, რომ კონკრეტული ბრენდი გაყიდოს და იქიდან „ქეშბექი“ აიღოს. რეცეპტის ქაღალდზე გამოწერის შემთხვევაში, ექიმი წერს კონკრეტული ბრენდის სახელს და ასე ატანს პაციენტს. ამ პრობლემის მოგვარებაში პოზიტიური როლი ექნება მედიკამენტებზე რეფერენტულ ფასებსაც. თუ კიდევ რამე სხვა მეთოდი არსებობს, ყველაფერს გამოვიყენებთ“, - თქვა მინისტრმა.

აზარაშვილის განცხადებით, აფთიაქებს ისევ ელექტრონული ბაზების გახსნის ვალდებულება დაეკისრათ, რაც სამინისტროს საშუალებას მისცემს, მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემა უფრო მკაცრად გააკონტროლოს.

„აფთიაქებს შეექმნებათ სერიოზული პრობლემა, რადგან ისევ ელექტრონული ბაზების გახსნა მოვთხოვეთ და ესეც ერთ-ერთი ნაწილია. ახლა მუშავდება დისტანციურად დაჯარიმების სისტემა. ჩვენ ერთ მხარეს ვხედავთ აფთიაქების ბაზას - რას ყიდიან ისინი და მეორე მხარეს ვხედავთ ელექტრონული რეცეპტების ბაზას. თუ გაყიდული მედიკამენტი ელექტრონული რეცეპტების ბაზაში არ არის, ეს ნიშნავს, რომ მედიკამენტის ურეცეპტოდ გაყიდვის გამო დაჯარიმების პირდაპირი საფუძველი არსებობს“, - თქვა ზურაბ აზარაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები