მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ელექტრონული სასწორით აღჭურვილი პუნქტები – მთავრობამ რთველი 2025-ის განკარგულება მიიღო

რთველი

"ოცნების" მთავრობამ 2025 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარებისთვის განკარგულება დაამტკიცა, რომელიც რთვლის პროცესში აუცილებელი ღონისძიებების ერთიან ჩარჩოს განსაზღვრავს.

განკარგულების მიხედვით, მთავარი მიზნები რთველის პროცესის ეფექტური მართვა, მევენახეებისა და კომპანიებისთვის სისტემური წესრიგის შექმნა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაა.

საკოორდინაციო შტაბი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო რთველის საკოორდინაციო შტაბს შექმნის ღვინის ეროვნული სააგენტოს ბაზაზე. შტაბში ასევე შევა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შესაბამისი რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების წარმომადგენლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა, ყურძნის ჩაბარების პროცესში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა უზრუნველყოს.

რეგისტრაცია და ელექტრონული სასწორი
ყურძნის გადამმუშავებელი ყველა კომპანია ვალდებულია, ელექტრონულად დარეგისტრირდეს რთველის შტაბში.
კახეთში მოწეული ყურძნის ჩაბარება უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ პუნქტებში, რომლებიც ელექტრონული სასწორით არიან აღჭურვილნი. გამონაკლისია მცირე მეწარმეები, რომელთაც წელიწადში არაუმეტეს 100 ტონა ყურძნის მიღება-გადამუშავება აქვთ დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რთველი 2025 -ი განსხვავებული წესებით ჩატარდება. ახალი წესები მეღვინეთა ნაწილს უკვე გააცნეს, რომლის მიხედვით, ყველა ის კომპანია, რომელიც მევენახეებისგან შეისყიდის ყურძენს, ვალდებულია იქონიოს ელექტრონული სასწორი, რომელიც რთველის ერთიან ელექტრონულ ბაზაში იქნება ჩართული. შედეგად, ბაზაში ავტომატურად აისახება კომპანიის მიერ შესყიდული ყურძნის რაოდენობა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფოს წელს განსხვავებული მიდგომა აქვს და ხარისხიან და უხარისხო ყურძენს ერთ ფასად აღარ დაასუბსიდირებს. რა უთხრეს შეხვედრაზე ღვინის მწარმოებლებს. რას შეცვლის ახალი წესები და რა მოლოდინები აქვს ბიზნესს იმ ფონზე, როცა წელს ღვინის ექსპორტი 4 თვეში 43%-ით შემცირდა, რუსეთში კი კლება 60%-ია.

ამასთან, ხარისხის კონტროლის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო 20 ერთეულამდე სპეციალური დანადგარის შეძენას გეგმავს, რაც ჩაბარებული ყურძნის ხარისხის შემოწმებას მოემსახურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები