მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროსისტემის განმარტებამ პასუხების ნაცვლად უფრო მეტი ეჭვი გააჩინა - კახა კახიშვილი

კახა კახიშვილი

თითქმის მთელი ქვეყნის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენასთან დაკავშირებით გაკეთებულმა განმარტებამ კითხვებზე პასუხების ნაცვლად უფრო მეტი ეჭვი გააჩინა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი წერს.

კახიშვილის შეფასებით, ის, რაც ქვეყნის ენერგოსისტემაში ხდება, მხოლოდ კომფორტის საკითხი აღარ არის და საზოგადოებას აქვს უფლება, მიიღოს ამომწურავი პასუხები, თუ რას დაადგენს სრულყოფილი გამოძიება.

bm.ge კახა კახიშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„პირველი ორი მასშტაბური ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ ბევრი მეუბნებოდა, რომ ამ თემაზე კითხვების დასმა არ ღირდა. სამწუხაროდ, გუშინ უკვე მესამედ თითქმის მთელი ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ახლა როგორ ფიქრობთ, იმ დროს დასმული კითხვები სწორი იყო თუ არა?

დღეს ეს კითხვები კიდევ უფრო აქტუალურია. ჩემი აზრით, აქ მხოლოდ ორი შესაძლო ახსნა არსებობს - ან ენერგოსისტემაზე პასუხისმგებელი ადამიანები არ არიან საკმარისად პროფესიონალები და უკვე მესამედ დაუშვეს ასეთი მასშტაბის ავარია ან ვიღაც შეგნებულად აზიანებს ქვეყნისა და მისი ეკონომიკის რეპუტაციას.

უკვე მესამედ საერთაშორისო მედია მთელ მსოფლიოს აჩვენებს ჩაბნელებულ საქართველოს, გაჩერებულ მატარებლებს, მეტროდან ფეხით გამოსულ მგზავრებს, პარალიზებულ მოძრაობას და შეფერხებებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე. სამწუხაროდ, ეს უკვე მხოლოდ კომფორტის საკითხი აღარ არის. გუშინ, გავრცელებული ინფორმაციით, გამორთული შუქნიშნების გამო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.

რაც შეეხება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გუშინდელ განმარტებას, მან კითხვებზე პასუხების ნაცვლად კიდევ უფრო მეტი ეჭვი გააჩინა. თუ მართლაც ენერგოსისტემაში ტესტირება ან ტექნიკური ექსპერიმენტი ტარდებოდა, როგორ შეიძლებოდა ამის შედეგად თითქმის მთელი ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილიყო? თუ ასეთი რისკი არსებობდა, რატომ არ იყო ჩართული ალტერნატიული ან სარეზერვო ელექტრომომარაგების სისტემა? ხოლო თუ ასეთი სარეზერვო სისტემა საერთოდ არ არსებობს, ეს უკვე კიდევ ერთი ძალიან სერიოზული პრობლემაა, ხოლო თუ მსგავსი გათიშვა გარდაუვალი იყო, რატომ არ გააფრთხილეს მოსახლეობა წინასწარ და განმარტებები მხოლოდ ფაქტის შემდეგ გაკეთდა?

ამიტომ საზოგადოებას აქვს უფლება მოითხოვოს ამომწურავი, პროფესიონალური და დამაჯერებელი პასუხები.

საქართველოს მოსახლეობას აქვს უფლება იცოდეს, რას დაადგენს სრულყოფილი გამოძიება და რა დასკვნები გაკეთდა“, - წერს კახა კახიშვილი.

საქართველოში ბოლო ორ კვირაში მასშტაბური ელექტროენერგიის ავარიული გათიშვები უკვე მესამედ დაფიქსირდა. 24 და 25 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება თბილისსა და რეგიონების ნაწილში რამდენიმე საათით შეწყდა, რის გამოც გაჩერდა თბილისის მეტრო და საქართველოს რკინიგზა, ხოლო GWP-ის სატუმბო სადგურის გათიშვამ მოსახლეობის ნაწილისთვის წყლის მიწოდების დროებითი შეწყვეტა გამოიწვია.

იმ დროისთვის სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა განაცხადა, რომ 5 აგვისტოს მომხდარი გათიშვა უკავშირდებოდა ტესტირების პროცესს, რომლის მიზანიც სწორედ 24-25 ივლისს მომხდარი ავარიული გათიშვების მიზეზების დადგენა იყო. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ავარიის დროს თითქმის ყველა ძირითადი გადამცემი ხაზის მაჩვენებელი „განულებული“ იყო.

24-25 ივლისის ე.წ. ბლექაუთების მიზეზების დადგენაზე ამ დრომდე მუშაობენ როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი), ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. პარალელურად, გავრცელებული ინფორმაციით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი შვებულებაში გავიდა, მის მოვალეობას კი დავით ვარდიაშვილი ასრულებს, რომელიც უწყებაში ივლისის გათიშვების შემდეგ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან“ გადავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები