საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოში 39 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში იყო განთავსებული.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალის განმავლობაში მომსახურება გაეწია 28 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 91 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 486 კაცით განისაზღვრა.
ამასთან, 2023 წლის II კვარტალში, ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 85.4 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 59.2 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი. საანგარიშო პერიოდში, ელევატორებში განთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 66%-ს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა.
2023 წლის II კვარტალში, ელევატორების მიერ გაყიდულია 54.4 მლნ. ლარის ღირებულების 47.5 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 53.5% იყო საკუთარი წარმოების. ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 85.1%. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) აპრილში შეადგენდა 49.2%-ს მაისში - 47.8%-ს ხოლო ივნისში - 43.6%-ს.