ფარმაცევტული ინდუსტრიის ამერიკული ლიდერი Eli Lilly-ი Nvidia-სთან თანამშრომლობას იწყებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ფარმაცევტული და ტექნოლოგიური გიგანტები ერთობლივად ისეთი სუპერ კომპიუტერის შექმნაზე იმუშავებენ, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე იმუშავებს და რომლის მიზანიც ახალი წამლების აღმოჩენა იქნება. Eil Lilly-ში მოელიან, რომ ერთობლივი სუპერკომპიუტერის მიერ რეცეპტების შექმნა პროცესს მნიშვნელოვნად დააჩქარებს და მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას გახდის შესაძლებელს.
არსებული ინფორმაციით, სუპერკომპიუტერი Nvidia-ს DGX SuperPOD-ისა და DGX B300-ის პროცესორების გამოყენებით შეიქმნება და მის ხელოვნური ინტელექტის მოდულზე წვდომა ფარმაცევტული კომპანიის მეცნიერებს ექნებათ. ისინი AI მოდელს ცოდნას გაუზიარებენ და მილიონობით ექსპერიმენტულ მონაცემს მიაწვდიან, რათა შემდგომ ხელოვნურმა ინტელექტმა თავად გამოარჩიოს, რა კონფიგურაციითაა შესაძლებელი ეფექტური წამლის შექმნა.
როგორც Eli Lilly-ში განმარტავენ, მათი მიზანი მხოლოდ ვიწრო ფარმაცევტული მიზნების მიღწევა არ არის. ამიტომ სუპერკომპიუტერზე წვდომას დროთა განმავლობაში სხვა ბიოფარმაცევტული მოთამაშეებიც მიიღებენ. Lilly TuneLab-ის გამოყენებით ისინიც იმდენადვე შეძლებენ ექსპერიმენტების ჩატარებას და ხელოვნური ინტელექტისთვის რეცეპტების შექმნის თხოვნას, რამდენადაც Eli Lilly-ს მეცნიერები.
ფარმაცევტული სექტორის გიგანტი მოელის, რომ Nvidia-სთან თანამშრომლობით შექმნილ სუპერკომპიუტერს არამარტო წამლების აღმოსაჩენად, არამედ მათი წარმოების პროცესის დაჩქარებისთვის ტექნოლოგიის გამოსაგონებლადაც გამოიყენებს. ცნობისთვის, ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად არაერთმა ბიოფარმაცევტულმა კომპანიამ მიიღო AI-ს გამოყენების გადაწყვეტილება. ხოლო სუპერკომპიუტერის მიერ შესაძლო რეცეპტებზე მუშაობის დაწყება მათ სახელმწიფო მარეგულირებლის მოთხოვნებთან თავსებადობის გაზრდაშიც შეუწყობს ხელს.
წლების განმავლობაში მსხვილი კომპანიები მასობრივ ცდებს ცხოველებზე ატარებდნენ, რაც დროთა განმავლობაში მიუღებლად ჩაითვალა და სახელმწიფო ზედამხედველმა ორგანომ ბიოფარმაცევტულ კომპანიებს განსხვავებული მეთოდების გამოყენებისკენ მოუწოდა. პროცესში სუპერკომპიუტერების შემოსვლა ცდების ჩატარების მასშტაბს მნიშვნელოვნად შეამცირებს.




























