მიუხედვად იმისა, რომ თბილისის განვითარების გენერალური გეგმა, ელიავას ბაზრობის ნაცვლად კვლავ საქალაქო პარკის მოწყობას მოიაზრებს, მერის მოადგილე, მაია ბითაძე ამბობს, რომ საქალაქო პარკების ჩამონათვალში ელიავას ბაზრობის ტერიტორია არ ხვდება. როგორც ბითაძე ამბობს, მერია ჩარჩო გეგმაზე მუშაობს და აღნიშნული ტერიტორიის მესაკუთრეებთან მოლაპარაკებების გზით გადაწყდება რა დანიშნულებით განვითარდება ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი.
"11 ჩარჩო გეგმიდან ერთ-ერთი ჩარჩო გეგმა მოიცავს როგორ ელიავას ტერიტორიას, ისე დიდუბის დიდ ნაწილს. ელიავა წარმოშობს სატრანსპორტო პრობლემას და მეორე მტვრის ბუდეა, რომელიც ჰაერში გაიფრქვევა. საქალაქო პარკების ჩამონათვალში ელიავას ბაზრობის ტერიტორია არ ხვდება პოტენციურ ახალ საქალაქო პარკად, თუმცა არის რეკომენდაცია, რომ ამ ჩარჩო გეგმის დამუშავების ფარგლებში გაირკვეს პოტენციალი იქ დიდი ოდენობით გამწვანებული ტერიტორიის განვითარებისა. ვფიქრობთ, ჩვენ ჩარჩო გეგმას ისე დავამუშავებთ მესაკუთრეებთან ერთად, რომ მივიღებთ დაბალანსებულ გადაწყვეტილებას შემდგომი ქალაქმშენებლობისთვის, რომელიც სასარგებლო იქნება როგორც მესაკუთრეებისთვის, ისე ქალაქისთვის", - აცხადებს მაია ბითაძე.
შეგახსენებთ, ელიავას ბაზრობის მესაკუთრეთა ერთ ნაწილს თბილისის მერიაში წარდგენილია ქვს პროექტი, რომელიც ელიავას ბაზრობის დიდ სავაჭრო მოლად გადაქცევას გულისხმობს.