თბილისის მერიის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის შემდეგ სულ ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზირებული. როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, დაშავებულებს შორის ერთ-ერთი მეხანძრეა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ამასთან, როგორც მერიაში განმარტავენ, შესაძლებლობისთანავე დაიწყება ტერიტორიის დასუფთავება.
„ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია და ბრალდებები, რომ თითქოს სახანძრო ეკიპაჟები გვიან გავიდნენ ადგილზე, არ ჰქონდათ წყალი, ან შეგნებულად არ აქრობდნენ ხანძარს და სხვა მსგავსი სიცრუეა.
განვითარებული მოვლენების ფონზე, მაშინ, როდესაც არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან გაჟღერდა პირდაპირი ბრალდებები და ცილისმწამებლური განცხადებები, რაც ყოვლად გაუმართლებელი და მიუღებელია.
გვსურს მოვუწოდოთ ყველას, რომ მოვაჭრეების ემოციური ფონი და დამდგარი მძიმე შედეგები პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ.
რაც შეეხება დაზიანებულ საქონელს, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ზარალს ჩამოაწერენ. შესაბამისი სამუშაოები დილიდან დაიწყება“, - განმარტავენ მერიაში.

























