ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გლობალური ენერგეტიკული ბაზრის უპირობო დირიჟორად მიიჩნეოდა, დღეს ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა OPEC-ის დატოვების გადაწყვეტილება ოფიციალურად მიიღო, რაც ორგანიზაციის ფუნდამენტს არყევს და მის არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
საქმე ისაა, რომ OPEC-ის არსი ყოველთვის ფასების ხელოვნურად მაღალ ნიშნულზე შესანარჩუნებლად წარმოების კოორდინირებულ შეზღუდვაში მდგომარეობდა, თუმცა დღეს ეს მექანიზმი მრავალი ქვეყნისთვის, მათ შორის საამიროებისთვის, განვითარების შემაფერხებელი ბარიერია, რომელსაც სარგებელი აღარ მოაქვს.
აბუ-დაბის უკმაყოფილების მთავარი მიზეზი ქვეყნის სტრატეგიულ ამბიციებშია. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანამ ნავთობის მოპოვების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში მილიარდობით დოლარის ინვესტიცია ჩადო, რათა დღიური წარმოება 5 მილიონ ბარელამდე გაეზარდა. OPEC-ის მიერ დაწესებული მკაცრი კვოტები კი საამიროებს ამ შესაძლებლობის რეალიზების საშუალებას არ აძლევს. ამასთან, ქვეყნის ხელმძღვანელობა აცნობიერებს, რომ გლობალური ენერგეტიკული ტრანსფორმაციისა და მწვანე ენერგიის პოპულარიზაციის ფონზე, ნავთობის ოქროს ხანა შესაძლოა მალე დასრულდეს. ამ რისკის ფონზე, მათ სურთ საკუთარი რესურსების მაქსიმალური რეალიზაცია მოასწრონ მანამ, სანამ შავი ოქრო ბაზარზე ჯერ კიდევ ძვირად ფასობს.
ცხადია, საამიროების OPEC-თან დაპირისპირების ცენტრში საუდის არაბეთის ერთპიროვნული მმართველობა დგას. წლების განმავლობაში რიადი OPEC-ს საკუთარი საგარეო პოლიტიკის იარაღად იყენებდა, სადაც სხვა ქვეყნები ხშირად მხოლოდ მორჩილი წევრების როლს ასრულებდნენ. წარმოების შემცირების შესახებ გადაწყვეტილებები ხშირად სწორედ საუდის არაბეთის ეკონომიკურ პრიორიტეტებზე იყო მორგებული, რაც სხვა წევრებს აიძულებდა, რიადის გეოპოლიტიკური მიზნების სასარგებლოდ თავიანთი ბაზრის წილი და შემოსავლები დაეთმოთ.
ბევრ წევრ ქვეყანას, მათ შორის ყაზახეთს, რომლის ეკონომიკაც ასევე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ნავთობის ექსპორტზე, ყელში ამოუვიდა ეს დიქტატი. საამიროების მიერ OPEC-ის დატოვება უკვე ქმნის პრეცედენტს, რომელიც შესაძლოა დომინოს ეფექტით გადაედოს ყაზახეთსა და სხვა უკმაყოფილო სახელმწიფოებსაც, რაც საბოლოოდ OPEC-ის, როგორც გლობალური ძალის, დასასრულს მოასწავებს.
ექსპერტების შეფასებით, კარტელიდან UAE-ს გასვლა გარდაუვალს გახდის ფასების ომის დაწყებას. თუ აბუ-დაბი ბაზარს საკუთარი ნავთობით დატბორავს, საუდის არაბეთს მოუწევს არჩევანის გაკეთება: ან კიდევ უფრო შეამციროს მოპოვება საკუთარი ბიუჯეტის ხარჯზე, ან თავადაც გაზარდოს წარმოება, რათა დაბალი ფასებით კონკურენტები ბაზრიდან განდევნოს. ასეთ სცენარში ნავთობის ფასი შესაძლოა მკვეთრად, 40 დოლარამდე ან უფრო დაბლა დაეცეს, თუმცა ეს მყისიერად ვერ მოხდება, განსაკუთრებით ჰორმუზის სრუტის პარალიზების ფონზე, მაგრამ გრძელვადიანად ეს მოლოდინი ნამდვილად არსებობს.
თავად ფასების ომი კიდევ უფრო მტკივნეული იქნება კარტელისთვის იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ბოლო წლებში ნავთობის ექსპორტიორი გახდა და არც იმპორტიორი. ამერიკულმა ფიქლის ნავთობმა OPEC-ს ისტორიული მონოპოლია წაართვა. როგორც კი კარტელი ფასების გაზრდის მიზნით წარმოებას ამცირებს, ამერიკული კერძო კომპანიები დაუყოვნებლივ ავსებენ ამ ნიშას, რაც OPEC-ის ბაზრის წილის შემცირებას იწვევს.
გრძელვადიან პერსპექტივაში, საამიროების გასვლა და კარტელის დასუსტება ნიშნავს, რომ გლობალური ეკონომიკა ნავთობის ჭარბი მიწოდების ეპოქაში შედის. ფასების ხელოვნური შენარჩუნების მექანიზმი აღარ იმუშავებს, რაც მომხმარებლებისთვის იაფ საწვავს, ხოლო ნავთობზე დამოკიდებული ავტოკრატიული სახელმწიფოებისთვის ეკონომიკურ სტაგნაციას მოასწავებს. ცხადია, ეს რისკი რუსეთზეც გავრცელდება, რომელიც არაბეთის მსგავსად, ავტოკრატიული, ნავთობექსპორტიორი სახელმწიფოა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ OPEC-ის ძალაუფლების ეროზია შეუქცევადია, რადგან ტექნოლოგიურმა პროგრესმა და ახალმა მოთამაშეებმა ბაზრის წესები სამუდამოდ შეცვალეს. მრავალი წლის განმავლობაში, ამერიკის მძევლად ყოფნამ საბოლოოდ ის გამოიწვია, რომ უოლ-სტრიტმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად ასობით მილიარდის ინვესტიცია გაიღო, რომელმაც ამერიკა გლობალურად ყველაზე მსხვილ ნავთობმომპოვებელ ქვეყნად აქცია, შესაბამისად, OPEC-მა იძულების მთავარი იარაღი დაკარგა და ახლა უკვე მის არსებობას თავად წევრი სახელმწიფოებიც ვეღარ უძებნიან არსს.
საბედნიეროდ, სანავთობო კარტელი, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში მსოფლიო ეკონომიკას მძევლად ამყოფებდა, ნგრევის გზას ადგას და ორგანიზაციიდან საამიროების გასვლა მხოლოდ პირველი აქტია, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება ფასების ომი და OPEC-ის დატოვების ტალღა.



























