საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიესალმება ვლადიმერ პუტინის მზადყოფნას ემანუელ მაკრონთან დიალოგის შესახებ. ელისეის სასახლის განცხადებით, კრემლის საჯარო თანხმობა ამ მიდგომაზე მნიშვნელოვანია.
„მისასალმებელია, რომ კრემლი ამ მიდგომას საჯაროდ დათანხმდა. მოქმედების საუკეთესო კურსის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მივიღებთ“, - აცხადებენ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ამავე განცხადების მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია უკრაინის პრეზიდენტთან და ევროპელ პარტნიორებთან „სრული გამჭვირვალობის“ პრინციპით წარიმართება. საფრანგეთის მხარის განმარტებით, დიალოგის მთავარი მიზანი კვლავ უკრაინისთვის „მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის“ მიღწევაა.
მანამდე, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ ვლადიმერ პუტინი მზად არის ფრანგ კოლეგასთან სასაუბროდ. თავად ემანუელ მაკრონმა კი 19 დეკემბერს აღნიშნა, რომ ევროპას ადრე თუ გვიან რუსეთის პრეზიდენტთან პირდაპირ დიალოგში ჩართვა მოუწევს.




























