„შიდა განვადებების ამოქმედებაზე ეროვნულ ბანკთან კომუნიკაცია გვონდა და ახალი პროდუქტის გაშვება კანონის ყველა ზომის დაცვით მოხდა,“ - ამის შესახებ bm.ge-ის „ელიტ ელექტრონიქსის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსმა სალომე დავითაშვილმა განუცხადა.
რაც შეეხება გუშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, „თუ ახალი ტიპის პროდუქტებს სესხის სახე ექნებათ, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ მათზეც გავრცელდეს რეგულირების ის პირობები, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს“, სალომე დავითაშვილი აღნიშნავს, რომ რეგულაციების შიდა განვადებებზეც გავრცელება ეროვნული ბანკის გადასაწყვეტია, თუმცა ის ამის საჭიროებას ვერ ხედავს.
„მათი გადასაწყვეტია, თუ ისინი ამ კონკრეტული მიმართულებით პრობლემებს ხედავენ და სურთ, რომ კიდევ დარეგულირდეს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე შიდა განვადებების სისტემით კომპანიების გაკონტროლება შესაძლებელია, რადგან ყველაფერი კანონის დაცვით მიმდინარეობს,“ - განაცხადა სალომე დავითაშვილმა.
ცნობისთვის, „ელიტ ელექტრონიქსმა“ შიდა განვადება სატესტო რეჟიმში უკვე დაიწყო. სატესტო რეჟიმის დასრულების შემდეგ კი, კომპანია შიდა განვადებების სისტემას ოფიციალურად მაისის ბოლოდან აამოქმედებს.
დავითაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე შიდა განვადებების სისტემა მხოლოდ BOSH-ის და Gorenje-ს ბრენდებზე ამოქმედდება.
„ელიტ ელექტრონიქსში“ ამ ეტაპზე კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ და აცხადებენ, რომ შიდა განვადების სისტემის ამოქმედების სქემის შესახებ დეტალებს მომავალში გაახმაურებენ, თუმცა bm.ge-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი თანხას არ ან ვერ გადაიხდის, შესაძლოა „ელიტ ელექტრონიქსმა“ ე.წ. კოლექტორულ კომპანიებთან კავშირი დაამყაროს.
ცნობისთვის: 2019 წლის პირველ კვარტალში 5 000 ლარამდე მოცულობის სესხების გაცემა წინა წელთან შედარებით 25.7%-ით ანუ 406 მილიონი ლარით შემცირდა.

























