მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელმავალმშენებლის ქარხნის ₾49-მილიონიანი აუქციონი უშედეგოდ დასრულდა

6409e4c748f88
შოთა ტყეშელაშვილი
09.03.23 18:02
1584
უშედეგოდ დასრულდა თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე “ელმავალმშენებლის” ქარხნის უძრავი და მოძრავი ქონების გასხვისების აუქციონი. საწარმოს აქტივებს აღსრულების ეროვნული ბიურო 48.8 მილიონ ლარად ყიდდა.

აუქციონზე 21 ჰექტარის მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები და დანადგარები იყო გამოტანილი.

“ელმავალმშენებლის” მესაკუთრეს რუსული კომპანია “ლოკოტრანსი” წარმოადენს, რომელიც მალტის ოფშორში არის რეგისტრირებული. კომპანიის 87%-ს "ლოკოტრანსი", 12.8%-ს კი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ფლობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 9 იანვარს კომპანიის წარმომადგენლებს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნაზე უარი უთხრა, რასაც მალევე აქტივებზე ყადაღის მოხსნა და შენობა-ნაგებობების ელექტრონულ აუქციონზე გატანა მოჰყვა.

ელმავალმშენებელი ქარხანა ბოლო რამდენიმე წელია არ იყო მუშა მდგომარეობაში, ბოლო ფინანსური ანგარიში, რომელიც ხელმისაწვდომია, 2019 წლით თარიღდება, მაშინ კომპანიას 2.5 მილიონი ლარის შემოსავალი და 27 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა.

საქალაქო სასამართლოს 9 იანვრის განჩინებიდან ირკვევა, რომ ელმავალმშენებელ ქარხანას “საქართველოს ბანკის” მიმართ 15 მილიონი ლარის საკრედიტო დავალიანება აქვს, ასევე კომპანიას გააჩნია 20 მილიონის ვალი სხვა კრედიტორთა მიმართაც.

BMG სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში შეეცდება გაარკვიოს, როდის გამოვა ობიექტი ხელახალ აუქციონზე და რა იქნება მისი განახლებული საწყისი ღირებულება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები