მილიარდერმა ელონ მასკმა პარასკევს Tesla-ს 1.2 მილიონი აქცია გაყიდა, თითოზე საშუალოდ 1030 დოლარის ღირებულებით, რითაც გასული კვირის განმავლობაში ნავაჭრი აქციების რაოდენობამ სულ 6.4 მილიონს, ხოლო ღირებულებამ მთლიანობაში 6,9 მილიარდ დოლარს მიაღწია. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამ ვაჭრობამდე ერთი კვირით ადრე, მასკმა ტვიტერზე გამოკითხვა ჩაატარა - უნდა გაეყიდა თუ არა საკუთარი აქციების 10%, გამოკითხვაში მონაწილე საზოგადოების 58%-მა მასკს დადებითად უპასუხა. შედეგად, მიმდინარე კვირის გაყიდვებმა აქციონერებისთვის Tesla-ს აქციების ღირებულება 15,4%-ით, ანუ თითო აქციის ღირებულება 189 დოლარით შეამცირა.
საგულისხმოა, რომ აქციები, რომლებიც მილიარდერმა მასკმა ახლახან გაყიდა, მისი პირდაპირი საკუთრება იყო, რომელსაც 2010 წლის პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO-ს) შემდეგ ფლობდა.
ამასთან, Tesla დღემდე რჩება მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ავტომწარმოებელ კომპანიად, რომლის საბაზრო კაპიტალიც მოცულობით 12 უმსხვილეს ავტომწარმოებლისას აღემატება. ოქტომბერში Tesla მეექვსე ამერიკულ კომპანიად დასახელდა, რომლის შემოსავალმაც $1 ტრილიონს მიაღწია.