კომპანია „ელსელემას“ მფლობელი ელგუჯა მამასახლისი ლანჩხუთის სამკერვალო ქარხნის აქტიურად ამუშავებას მაისიდან გეგმავს.
როგორც ბიზნესმენმა bm.ge-ისთან ინტერვიუში განაცხადა, კორონავირუსის პანდემიის და მისგან გამომდინარე სხვა პრობლემების გამო, „ელსელემას“ თბილისის ფაბრიკის გაყიდვა მოუწია, ხოლო ლანჩხუთში წარმოება დროებით შეაჩერა.
„დღეისათვის მთლიანად ლანჩხუთის ქარხანაზე ვარ გადართული. თანამშრომლების მიღება უკვე დავიწყეთ. პირველ ეტაპზე, დაახლოებით, 150 ადამიანი დასაქმდება, თუმცა გეგმები დიდი გვაქვს. საშუალო ხელფასი ჩვენთან 650 ლარის ფარგლებშია, თუმცა თბილისის სამკერვალო ქარხანაში, სადაც ძლიერი კონტიგენტი გვყავდა და წლების განმავლობაში ჩვენთან მუშაობდნენ, თანამშრომლები 1000-1500 ლარს გამოიმუშავებდნენ“, - აღნიშნა მამასახლისმა.
რაც შეეხება იმას, ვისგან ელოდება ბიზნესმენი შეკვეთებს, რადგან კომპანია „შავ სიაშია“ და შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვებში ვერ მონაწილეობს, ელგუჯა მამასახლისი აცხადებს, რომ მართალია, თბილისის ქარხნის გაყიდვა მოუწია, მაგრამ კონტაქტები არ დაუკარგავს და საერთაშორისო პარტნიორებთან, ვისთანაც ათეულობით წელია თანამშრომლობს, მოლაპარაკებებს აგრძელებს.
„ვაპირებ იმ კომპანიების დახმარებით გავაქტიურდე, ვისთანაც წლების თანამშრომლობა მაკავშირებს. ესაა - საწარმოო დანიშნულების სამკერვალო ტექნიკის გერმნაული კომპანია PRAFF-ი, რომლის დისტრიბუტორი ვარ საქართველოში, ასევე შევიცარიული BERNINA INTERNATIONAL AG - საოჯახო საკერავი და საქარგავი ტექნიკის მწარმოებელი კომპანია და სხვათა შორის, როცა თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ქარხანა გვქონდა, იქვე იყო ჩვენი მაღაზიაც და ვმუშაობდით, მაგრამ მერე ისიც დაიხურა. ასევე ურთიერთობა მაქვს MADERIA Garne-სთან - საკერავი და საქარგავი ძაფების მწარმოებელი გერმანული კომპანიაა; არ ვწყვეტ ურთიერთობას არც იტალიურ ბრენდ MONCLER-თან და უკვე პირდაპირ, შუამავლის გარეშე ვეკონტაქტები; გარდა ამისა, კონტაქტზე ვარ თურქული ბრენდ DAMAT-თან - ჩვენ ადრე მათი შეკვეთები შევასრულეთ; რამდენიმე დღის წინ საუბარი მქონდა კიდევ ერთ თურქულ კომპანიასთან, რომელსაც მაღალი დონის წარმოება აქვს და ადრე ჩინეთში კერავდნენ პროდუქციას, მაგრამ შემდეგ „ელსელემას“ შეუკვეთეს და კმაყოფილებიც დარჩნენ. მოკლედ, ძიების პროცესში ვარ“, - აცხადებს „ელსელემას“ მფლობელი.