მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ელთიბი“ ავეჯის ინდუსტრიაში ავტომატიზებულ საწარმოს აშენებს - პროექტის ღირებულება ₾15 მილიონამდეა

ავეჯის საწარმო

კომპანია „ელთიბი“ ავეჯის ინდუსტრიაში თბილისში, ულიანოვის ქუჩაზე ავტომატიზებულ საწარმოს აშენებს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 15 მლნ ლარამდეა.

როგორც კომპანიაში BM.GE-სთან აცხადებენ, ეს იქნება პირველი ავტომატიზებული ავეჯის საწარმო ამიერკავკასიის მასშტაბით. მათივე განმარტებით, პროექტი ცენტრალიზებულ საწარმოს მოიაზრებს, რომელიც საქართველოს მასშტაბით კომპანია „ელთიბის“ ნებისმიერ მომხმარებელს ავეჯის ინდუსტრიაში არსებულ მომსახურებებს შესთავაზებს.

„რობოტიზებული საწარმოს აშენების მიზანი საწარმოო პროცესების მაქსიმალური ავტომატიზაციაა, რაც მომსახურებების ხარისხის სტანდარტიზაციას შეუწყობს ხელს. პროექტი გამოირჩევა ენერგოეფექტურობით – ნარჩენების გადამუშავების ხარჯზე მიღებული ენერგია წარმოებას მოხმარდება, რაც მდგრადი განვითარების მიზნებს ემსახურება“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

საწარმო დედაქალაქში, ულიანოვის ქ. №29-ში, 6,620 კვ.მ-ზე იქნება განთავსებული. მისი მშენებლობა 2022 წელს დაიწყო, გახსნა კი 2025 წელს იგეგმება. ავტომატიზებული საწარმოს პროექტს მრავალპროფილური გამოცდილების მქონე კომპანია „ელემენტ კონსტრაქშენი“ უძღვება. ხოლო პროექტის დასრულებასა და მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვა/გამართვაზე გერმანული  HOMAG ჯგუფი იმუშავებს.

„შ.პ.ს. „ელთიბი საწარმო“ ნებისმიერი ტიპის საავეჯო მასალის დაჭრა/დამუშავებას უზრუნველყოფს, მაგალითად: ნებისმიერი სახეობის ხის მასალა (მერქანბურბუშელოვანი, მერქანბოჭკოვანი და სხვა ფილები), ალუმინი. ასევე ადგილობრივი ბაზრისა თუ ექსპორტისთვის დამზადდება ავეჯის ფასადები, კედლის პანელები და სხვა. ჭკვიანი საწარმოს დახმარებით, ნებისმიერი საწარმოო პროცესი უფრო მოქნილი გახდება. მომსახურების გაუმჯობესებული ხარისხის შედეგად კი, მიიღება პრემიუმ კლასის პროდუქცია, რაც კომპანიას ხარისხის სტანდარტიზაციისა და ექსპორტის გაუმჯობესების პერსპექტივებს შეუქმნის.

გარდა ბიზნესის განვითარებისა, ავტომატიზებული საწარმო კომპანიას მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას მისცემს იმ პოზიციებზე, რომლებიც დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია, მაგალითად: კომპიუტერული ინჟინერია, ავეჯის კონსტრუირება, ხარისხის კონტროლი და უსაფრთხოება“, - განმარტავენ პროექტის ავტორები.

კომპანიაში განმარტავენ, რომ საწარმოს პროექტის შესასრულებლად დაახლოებით 15 მლნ ლარის ინვესტიციაა საჭირო, რომელიც სახელმწიფო ხელშეწყობის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 10 მლნ ლარის შემთხვევაში სესხის პროცენტით დაფინანსდება, ხოლო DCFTA-ის პროგრამით იქნა მოზიდული თანხა სესხის 15%-მდე წილის დაფარვას უზრუნველყოფს.

„ჭკვიანი საწარმო დღეს „ელთიბის“ მასშტაბით არსებულ საწარმოო სიმძლავრეს გააორმაგებს, რაც გარდა იმისა, რომ საქართველოს ბაზარზე არსებულ მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებს, ასევე საექსპორტო პოტენციალს გაზრდის და კომპანიას პროდუქციის ჩრდ. ამერიკის, ევროპისა და აზიის ქვეყნებში გატანის შესაძლებლობას მისცემს. უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის კომპანიას 3 საწარმო ერთეული აქვს“, - აცხადებენ „ელთიბიში“.

ცნობისთვის: საქართველოში ამ დროისთვის „ელთიბის“ 5 ფილიალში 250-მდე ადამიანია დასაქმებული. ფილიალებიდან 4 თბილისში, ხოლო 1 — იმერეთში, კერძოდ, ქუთაისში მდებარეობს. კომპანიაში ამბობენ, რომ დღეისათვის საქართველოში ავეჯის მაკომპლექტებელი დეტალები (როგორებიცაა:  მერქანბურბუშელოვანი და მერქანბოჭკოვანი ფილები, ფურნიტურა (ანჯამები, სავლელები, ფასადის ასახდელი და გამომგდები მექანიზმები და სხვა)) თითქმის არ იწარმოება. შესაბამისად, „ელთიბის“ შოურუმებში წარმოდგენილი ასორტიმენტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდანაა იმპორტირებული. კომპანია მომხმარებლებს როგორც პროდუქციას, ასევე საწარმოო და სამღებრო მომსახურებებსაც სთავაზობს, რაც სასურველი ავეჯის შექმნის პროცესის განუყოფელი კომპონენტია. ჭკვიანი საწარმო აღნიშნული მომსახურებების მიწოდებას გაზრდის. პროდუქციის წარმოება კი გაამარტივებს ბაზრისათვის ავეჯის ფასადების, შპონირებული MDF-ის და კარების მიწოდებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები