ქართულ-ამერიკული კომპანია Elven Technologies რამდენიმე თვეა, ესტონეთშია ბაზირებული - მიზეზებზე "საქმიანი დილას" ეთერში კომპანიის დამფუძნებელი, ვამეხ ხერხეულიძე საუბრობს.
მისი თქმით, Elven Technologies ესტონურ Auvetech-თან თანამშრომლობს, რომელიც ქართულ კომპანიას საპილოტე პროექტის გაკეთებაზე დასთანხმდა.
"მთავარი პროექტი, რის გამოც აქ გადმოვედით ისაა, რომ Auve tech იყო პირველი კომპანია, რომელიც დაგვთანხმდა, საპილოტე პროექტი გაგვეკეთებინა. ეს 1.5 წლის წინ იყო, რის შემდეგაც ბევრი რამ გამოვიარეთ.
Auve 8-ადგილიან თვითმართვად ელექტროშატლებს აწარმოებს, საიდანაც მხოლოდ 1-2 თუ დადის ტალინში. კომპანიას თავისი ტრანსპორტი საზღვარგარეთ, 8-9 ქვეყანაში ჰყავს გაშვებული. მათთან თანამშრომლობით ვცდილობთ, ჩვენ ამ ქვეყნებში შევიდეთ", - განმარტავს Elven-ის დამფუძნებელი.
Elven Technologies-ს საზოგადოება ცეცხლგამძლე ქსოვილების წარმოებით იცნობს. თავისი პროდუქტებით კომპანია ისეთი პრობლემის გადაჭრას ცდილობს, როგორიცაა სპონტანურად აალებადი ბატარეები და ამ პროცესით გამოწვეული ხანძარი. როგორც დამფუძნებელი განმარტავს, Elven-ი ამჟამად ორი მიმართულებით მუშაობს.
"ერთი, ეს არის ელექტრომობილებისა და სხვა ელექტროტრანსპორტის ბატარეების შეფუთვა თვითონ მანქანის შიგნით, როგორც მანქანის ნაწილის; და მეორეა, ამ ბატარეების ცეცხლისგან გარემოს დაცვა მანამდე, ვიდრე ბატარეა საწარმოდან ავტომწარმოებლამდე მიაღწევს, რაც საკმაოდ გრძელი გზა ყოფილა. როგორც აღმოვაჩინეთ, ელექტრომობილების ბატარეა 20 კომპანიას გადის, ვიდრე ის მანქანაში ჩაიდება.
პირველი მიმართულება შედარებით რთულია, რადგან, პირობითად, Tesla ხვალვე რომ დაგვთანხმდეს მათი ბატარეების შეფუთვაზე, ვიდრე ეს ავტომობილები გასაყიდად გამოვა, 5 წელი შეიძლება გავიდეს. ჩვენ უფრო სწრაფი ბაზარი გვინდოდა გვეპოვა, როგორიც ტრანსპორტირების სექტორი აღმოჩნდა. ამ ბაზარზე ინტერესი გაცილებით მეტია, რადგან პროდუქტის მორგება ნაკლებ დროსაც საჭიროებს, სულ ორი ზომის სატვირთო კონტეინერი არსებობს, შესაბამისად, ყველა მანქანაზე ცალკე მორგება არ გვჭირდება", - განმარტა ვამეხ ხერხეულიძემ.
კომპანიის სამომავლო გეგმებზე საუბრისას ხერხეულიძე აღნიშნავს, რომ Elven Technologies, გარდა ესტონელი პარტნიორისა, რამდენიმე კომპანიასთან თანამშრომლობს და ავტომწარმოებლებთან მოლაპარაკებებსაც აწარმოებს. მეორე მხრივ კი კომპანია მომხმარებლის მოზიდვაზე მუშაობს.