სახელმწიფო დაბრუნებულ მიგრანტებს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, საგრანტო პროექტის ფარგლებში 6 000 ლარით დააფინანსებს.
მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დღეს დაიწყო.
სააგენტოს ცნობით, საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარს,
ტექნიკასა თუ ხელსაწყოებს დაბრუნებული მიგრანტები, არსებული ჩამონათვალის გათვალისწინებით, თავად შეარჩევენ.
ვის შეუძლია მონაწილეობა:
პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით) შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო 12 თვის განმავლობაში დაბრუნდნენ.