მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Emonomy - ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ბიზნესებს მარკეტინგს უმარტივებს | 500 Georgia Demo Day

649d4476dcc17
BM.GE
29.06.23 15:42
360
სტატიაში საუბარია:

რეკლამების 80%-ზე მეტი არაეფექტურია, ბრენდები $200 მილიარდზე მეტს ხარჯავენ სარეკლამო კამპანიებზე, რომლებსაც შედეგი არ მოაქვს - ამის შესახებ ტექნოლოგიური სტარტაპის, Emonomy-ის დამფუძნებელმა, ენდრიუ კისლოუმ განაცხადა, რომელიც დღეს, 29 ივნისს, 500 Georgia Demo Day-ზე ინვესტორებისა და მაყურებლების წინაშე წარსდგა. 

როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ენდრიუ კისლოუ ყვება, Emonomy-ი მარკეტინგულ-ტექნოლოგიური კომპანია, იგივე მარტექია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, მომხმარებლის ნეირომარკეტინგულ კვლევას ატარებს და ბრენდ მარკეტინგს გაზომვად მიმართულებად აქცევს. “ჩვენი სტარტაპი კომპანიებს აუდიტორიის ემოციური რეაქციების მონაცემებს აწვდის მათივე რეკლამებისა და კამპანიების მიმართ, რაც ხელს უწყობს ბრენდის მარკეტინგული აქტივობების ეფექტურობის ზრდას. ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ გარკვეული რეკლამის ეფექტიანობა და მივაწოდოთ მონაცემები კომპანიას იმის შესახებ, თუ რომელ მედია არხში იმუშავა რეკლამამ უფრო ეფექტურად. ამ გზით, შეგვიძლია დავეხმაროთ კომპანიებს რეკლამის გაშვებაში მხოლოდ იმ არხებზე, რომლებიც მათთვის უკეთ მუშაობს”, - აღნიშნავს ენდრიუ კისლოუ.

როგორც Emonomy-ის დამფუძნებელი ამბობს, პლატფორმას შეუძლია დაასკვნას, იმუშავა თუ არა ბრენდის რეკლამამ. “არსებული ლანდშაფტის გათვალისწინებით, ბრენდის მარკეტინგის რეკლამის რეალური გავლენის გაზომვა ძალიან რთულია. ჩვენ კი, მომხმარებლებს ამ საქმეს ვუმარტივებთ და მათ სრულმასშტაბიანი ანალიზის შესაძლებლობას ვაძლევთ. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი პროდუქტი წყვეტს მედიის ბიუჯეტის არაეფექტური ხარჯვის პრობლემას”, - განაცხადა ენდრიუ კისლოუმ.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ენდრიუ კისლოუ იმ საპილოტე პროდუქტების შექმნის აუცილებლობას უსვამს ხაზს, რომლებიც მომხმარებლებისთვის საბოლოო პროდუქტის ეფექტიანობას ნათლად წარმოაჩენს. მოგვიანებით, Emonomy-ი მსხვილ მედიასააგენტოებთან კონტრაქტების დადებას აპირებს.

ცნობისთვის: 500 Global-ი გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანიაა, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპში მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტირებს. დაფუძნების შემდეგ, 500 Global-მა 81 ქვეყანაში დაფუძნებულ 2700-ზე მეტ კომპანიაში განახორციელა ინვესტიცია - ამათგან, 45 კომპანიის ღირებულება $1 მილიარდს, ხოლო 150-ზე მეტი კომპანიის ღირებულება $100 მილიონს აღემატება. 500 Global-ი კავკასიაში 500 Georgia-ს სახელით, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 500 Georgia-ს მიზნებს შორისაა საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ-კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები