მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენდი მარი ოლიმპიური თამაშების შემდეგ კარიერას დაასრულებს

ენდი მარი კარიერას ასრულებს

დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა ენდი მარიმ სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა, რომ პარიზში გასამართი ოლიმპიური თამაშები მისთვის ბოლო ტურნირი იქნება.

ენდი მარი ერთადერთი ჩოგბურთელია ისტორიაში, რომელსაც მამაკაცთა ინდივიდუალურ თანრიგში ორი ოქროს მედალი აქვს მოპოვებული. 2012 წელს ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ენდიმ როჯერ ფედერერი დაამარცხა, ხოლო 2016 წელს რიოში ხუან მარტინ დელ პოტრო. ამას გარდა მარის შერეულ წყვილთა თანრიგში 2012 წელს ლაურა რობსონთან ერთად ვერცხლის მედალიც აქვს მოპოვებული.

მარი 2005 წლიდან პროფესიონალი ჩოგბურთელია და კარიერის განმავლობაში თამაშითა და სპონსორების წყალობით მთლიანობაში 200 მილიონ დოლარამდე გამოიმუშავა. რაც შეეხება სუფთა საჩოგბურთო შემოსავლებს ის 64,7 მილიონი დოლარით ყველა დროის რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს ნოვაკ ჯოკოვიჩის ($182,5 მლნ), რაფაელ ნადალისა ($134,9 მლნ) და როჯერ ფედერერის ($ 130,6 მლნ) შემდგომ.

2013 წელს მოგებული უიმბლდონის შედეგად ის გახდა 1936 წლის შემდეგ პირველი ბრიტანელი, რომელმაც სამშობლოში დააბრუნა უპრესტიჟულესი ჯილდო. ასევე გუნდურ ჩათვლაში 2015 წელს მან ინგლისს 79 წელიწადში არსებული პირველი დევისის თასი მოაგებინა. 2017 წელს დედოფალმა ელიზაბეტმა მარის რაინდის წოდება მიანიჭა ჩოგბურთსა და ქველმოქმედებაში შეტანილი დიდი ღვაწლისთვის.

ენდიმ 2012-დან 2016 წლამდე 42 ტიტულის მოგება მოახერხა, თავისი პირველი დიდი სლემის ტიტული, ამერიკის ღია პირველობა ბრიტანელმა 2012 წელს მოიგო, 2013-სა და 2016-ში კი უიმბლდონის მფლობელი გახდა. ამასთან ენდის რვაჯერ აქვს დიდი სლემის ფინალი წაგებული აქედან ხუთჯერ ნოვაკ ჯოკოვიჩთან და სამჯერ როჯერ ფედერერთან, საიდანაც ხუთი ფინალი ავსტრალიის ღია პირველობას ეკუთვნის, რაც ანტი რეკორდია.

ცნობისთვის, ოლიმპიადაზე საჩოგბურთო ტურნირი “როლან გაროსის” კორტებზე 27 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები