მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ენდორფინი“ მუშაობას აჩერებს - დამფუძნებლები მართვაში გამოცდილ პარტნიორს ეძებენ

6321e3e2a8ea1
ვიქტორია მღებრიშვილი
14.09.22 18:24
7721
სწრაფი კვების რესტორანი „ენდორფინი“ 15 სექტემბრიდან მუშაობას დროებით აჩერებს. ამის შესახებ კომპანიამ განცხადება Facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

„როგორც ჩანს მხოლოდ ხარისხი და სურვილი არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ კომპანიამ მოგებაზე იმუშაოს“, - წერია პოსტში.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა მარგიშვილი განმარტავს, რომ კომპანია ყოველთვის ცდილობდა პროდუქტის ხარისხი მომხმარებლისთვის მისაღები ყოფილიყო, რასაც ყოველთვის ახერხებდნენ, თუმცა კომპანიის მართვაში ყოველთვის იყო პრობლემები, რაც ბიზნესს აზარალებდა. მამუკა მარგიშვილის ინფორმაციით, 2 წლის განმავლობაში კომპანიას 1 მლნ ლარზე მეტი ზარალი მიადგა, რის გამოც კომპანიის დამფუძნებლებმა დროებით გაჩერების გადაწყვეტილება მიიღეს.

"„ენდორფინი“ გააგრძელებს მუშაობას, როდესაც ვნახავთ გამოცდილ ბიზნეს პარტნიორ-მენეჯერს, რომელსაც კვების ბიზნესის ნიუანსები ესმის, გამოიყენოს ჩვენი ინვესტიცია და რესურსი, მაგრამ კომპანია ამუშაოს მოგებით. ჩვენ ვდებთ ინვესტიციას, ანუ ფულს და მენეჯერს მოაქვს შემოსავალი და არა ჩვენ გვთხოვს ხელფასს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვეძებთ პარტნიორს, რომელიც სწორად მართვის შედეგად შემოსავალს მოგვიტანს.

მენეჯერი უნდა გასცემდეს ხელფასს და უხდიდეს საკუთარ თავსაც, თანამშრომლებსაც და დამფუძნებლებისათვის შემოჰქონდეს შემოსავალი. მენეჯერს უნდა სთხოვდეს დამფუძნებელი მეტი შემოსავლის შემოტანას და არა პირიქით, მენეჯერი საკუთარ თავს თვლიდეს როგორც დაქირავებულს და დამფუძნებლისაგან ითხოვდეს ხელფასს.

ჩვენ გვჭირდება მენეჯერი პარტნიორი და არა მენეჯერი „შავი მუშა”, ანუ მენეჯერისაგან ჩვენ გვჭირდება ტვინით მუშაობა, პროცესის დისციპლინის დაცვით და გეგმით სწორად მართვის უნარი“, - აცხადებს მამუკა მარგიშვილი.

მისი ინფორმაციით, კომპანია 3 კვების ობიექტს მართავდა და ჯამში 65 სამუშაო ადგილს ქმნიდა. კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ „ენდორფინი“ დასაქმებულების წინაშე არსებულ სახელფასო დავალიანებას სხვა ბიზნესიდან დააკომპენსირებს. კომპანია კი მუშაობის განახლებას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც გამოცდილ პარტნიორს იპოვნის.

„ვინც თავს თვლით მენეჯერად და გსურთ იყოთ სრულუფლებიანი პარტნიორი გადმოგვიგზავნეთ მეილზე ( v.kapanadze2017@gmail.com ) თქვენი CV, ჩვენ დაგირეკავთ, დავნიშნოთ შეხვედრა და გავისაუბროთ“, - აცხადებენ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები