"არ არსებობს წარმატებული ქვეყანა, რომელიც არ ავითარებს საკუთარ ენერგეტიკას", - განაცხადა საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა. მისი თქმით, დღეს საქართველო საკუთარ სატრანზიტო ფუნქციებს ორი მიმართულებით ავითარებს: აღმოსავლეთ-დასავლეთით და ჩრდილო-სამხრეთით. როგორც ელოშვილმა აღნიშნა დარგში სახელმწიფო არადსროს იქნება კერძო ინვესტიციის კონკურენტი ან ჩამნაცვლებელი.
"ენერგეტიკა არის უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ ბიზნესი. ენერგეტიკა არის საფუძველი ნებისმიერი სხვა ბიზნესის და ენერგეტიკის გარეშე ვერ განვითარდება სხვა ბიზნესი.
საქართველოს გააჩნია ორი უდიდესი უპირატესობა, რომლის გამოყენებაც აუცილებელია, ეს არის გეოგრაფია და ეს არის განახლებადი რესურსები. ჩვენ გაგვიმართლა, რომ ორივე რესურსის განვითრებას კერძო ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ვახორციელებთ, რადგან ორივე მიმართულება არის საინტერესო საინვესტიციო მიმართულება და აქ სახელმწიფო არასდროს მოგვევლინება როგორც ჩამნაცვლებელი ან კონკურენტი კერძო ინვესტიციის.
ბოლო ოცი წლის განმავლობაში ენერგეტიკის სტაბილური განვითარება ხდება. პირველ დეკადაში მეტი ყურადღება დაეთმო სატრანზიტო პოტენციალს. ჩვენ ვავითარებთ ორ დერეფანს, როგორც აღმოსავლეთ დასავლეთით ასევე ჩრდილო-სამხრეთით. აღმოსავლეთ დასავლეთით ჩვენ გვაქვს სამხრეთ კავკასიური მილსადენების სისტემა და ის სტაბილურად აწვდის საქართველოს პარტნიორებს გაზს და ნავთობს. ასევე მიმდინარეობს გაორმაგება ამ მილსადენების გამტარუნარიანობის. ჩვენ ასევე წარმატებით ვთანამშრომლობთ, რათა გავხდეთ სატრანზიტო კორიდორი ჩრდილო-სამხრეთის მიმართულებით და მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რაც საშუალებას მოგვცემს რუსეთის, საქართველოს სომხეთის და ირანის დაკავშირების ენერგეტიკის კუთხით. ეს არის ამოუწურავი შესაძლებლობები.
ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა დიდ წილად განსაზღვრავს პოლიტიკურ დამოუკიდებლობასაც", - განაცხადა ელოშვილმა.

























