მთავრობა ენერგეტიკის სექტორში ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვას, ერთიანი ელექტრონული სისტემისა და ბაზის შექმნას გეგმავს. შესაბამისი დავალება ეკონომიკის სამინისტრომ უკვე მიიღო. უწყებამ სამუშაო ჯგუფი უნდა შექმნას და მომავალი წლის 30 იანვრამდე მთავრობას ენერგეტიკის სფეროში სახელმწიფო სერვისების განვითარების კონცეფცია და სამოქმედო გეგმა უნდა წარუდგინოს. თავად კერძო სექტორის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ პირველ რიგში, აქცენტი სამშენებლო ნებართვების გაცემის პროცესის გამარტივებაზე უნდა გაკეთდეს. ბიზნესი ამბობს, რომ სწორედ ბიუროკრატიული პროცესები აფერხებს დღეს ყველაზე მეტად ქვეყანაში ახალი გენერაციის ობიექტების სწრაფად მშენებლობას. რა ადმინისტრაციულ ბარიერებს აწყდებიან ენერგეტიკის დარგის ინვესტორები და რის გამარტივებას ისურვებდა სექტორი.