სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის თანამხად, უცხოური ინვესტიციების ნაწილში ენერგეტიკის სფერო კვლავ ლიდერია, თემაზე “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დირექტორი ენერგეტიკის საკითხებში მურმან მარგველაშვილი საუბრობს.
-ბატონო მურმან, ენერგეტიკის სფეროში რა არის ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორები, რომლებიც ინვესტორების დაინტერესებას პრობლემატურს ხდის?
-ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკის შეფასება ჩვენმა საზოგადოებამ ისწავლოს და უპირველეს ყოვლისა, რაც უნდა გაკეთდეს ენერგეტიკაში ის მოვითხოვოთ. ინვესტორის თვალით თუ შევხედავთ, ყველაზე მთავარი ჩვენთან არის გამჭვირვალე, სტაბილური საინვესტიციო გარემოს, გასაგები, ხარისხიანი კანონმდებლობის და მისი აღსრულების არქონა და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანია სრულიად არაპოლიტიკური დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს საჭიროება იმისთვის, რომ ინვესტორს გრძელვადიანი სტაბილურობის განცდა შეექმნას.
-თქვენი ორგანიზაციის ვებ-გვერდზე შეფასებებია გამოქვეყნებული, რომელიც 2013 წლიდან 2016 წლამდეა მიმოხილული და გარკვეული ანალიტიკაა წარმოდგენილი. თვალშისაცემია ის კრიტიკული შეფასება, რომ საბოლოო ხედვა ენერგეტიკის სფეროში სახელმწიფოს დონეზე ჩამოყალიბებული არ არის და რაც მთავარია ის სტრატეგია, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან არის წარმოდგენილი, თქვენს ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ხარისხობრივად სრულფასოვნებისგან ჯერ კიდევ შორს არის?
-ეს არა მხოლოდ ჩვენს ორგანიზაციას მიაჩნია, არამედ თვითონ ენერგეტიკის სამინისტროც ამბობს, რომ ეს მხოლოდ სტრატეგიის ნაწილია, ასევე, ეს პროექტია და ერთიანი დოკუმენტის გარეშე შეუძლებელია ვთქვათ, რომ ჩვენ რამე სტრატეგია გვაქვს. ეს არ არის იმდენად სამინისტროს ბრალი, რამდენადაც ჩვენი ყველასი, მთელი საზოგადოების, იმიტომ რომ სამინისტროს და მთავრობის მიმართ ენერგეტიკაში ჩვენი მოთხოვნა, როგორც წესი ასე შემოისაზღვრება: გვქონდეს დენი, ბუნებრივი აირი, დაბალი ფასები და არ შეგვაწუხოთ. არ ვაკონტროლებთ თუ რა რესეურსები იხარჯება, შესაძლებლობებს რამდენად ვიყენებთ და ა.შ. ამიტომ საერთოდ საზოგადოების მხრიდან მოთხოვნის მიდგომა უნდა შეიცვალოს და უნდა გავითვალისწინოთ, რომ შემდეგი მთავრობა, შემდეგი სამინისტრო მაინც იქნება, მას ვაძლევთ მთელ ქვეყანას მთელი თავისი ბუნებრივი რესურსებით და უნდა მოვთხოვოთ, რომ ეს რესურსები ოპტიმალურად გამოყენებული იქნას.
-თემა მაინც პრობლემატურად რჩება, ერთი მხრივ, ენერგეტიკის სამინისტრო, როგორც პოლიტიკის განმსაზღვრელი და მეორეს მხრივ, მარეგულირებელი კომისია, რომელიც ტარიფებს ადგენს და ბიზნესისთვის ბაზარზე მოქმედების თამაშის წესებს აწესებს?
-სამწუხაროდ, ყველგან და ყოველთის ვერ აწესებს. უმეტესობა ახალი ჰიდროსადგურების მემორანდუმებისა, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს მიერ არის გაცემული, სადაც ტარიფები 4- 4,5 ცენტიდან 10,5 ცენტამდე მერყეობს და შესაძლოა მეტზეც, ყველა მემორანდუმის პირობები ცნობილი არ არის. ეს დაწესებულია ინვესტორთან მთავრობის და სამინისტროს მოლაპარაკებებით. ასევე, რამდენად კვალიფიცირებული ინვესტორები გვყავს მოძიებული ესეც საკითხავია, ეს ცალკე თემაა. უმეტესად ის მემორანდუმები, რომლებსაც განხორციელების მეტი შანსი აქვთ, სახელმწიფო გარანტიებით არის, ანუ თქვენი და ჩვენი სამომავლო ბიუჯეტიდან.
-პრობლემები შეიქმნა სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენასთან დაკავშირებითაც?
-დიახ, ისინი გვთხოვენ, რომ ჩვენი შესაძლებლობები და მომავალში შესაძლო წარმოქმნილი რისკები დავთვალოთ.
-ნიშნავს თუ არა ეს, რომ მთავარია ელექტროენერგია იყოს, ამ შემთხვევაში ხარისხს არ ვკითხულობთ და ამ ყველაფრის უკან რა დგას, მთავარია ინვესტიცია იყოს?
-დაახლოებით. მირჩევნია მეტი უტრირება გავაკეთოთ და შემდეგ ჩვენს შეცდომებზე ვისწავლოთ. მე სამინისტრიზე კი არ ვსაუბრობ, არამედ საზოგადოებაზე. ჩვენ რასაც მოვთხოვთ, იმის შესაბამისი პასუხი გვექნება. შესაბამისად, ჩვენ უნდა მოვითხოვოთ პასუხები, გაუმჯობესდა თუ არა ენერგეტიკული უსაფრთხოება და ქვეყნის სხვა ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს შეეწყო თუ არა ხელი, მეტ ფულს ვხარჯავთ ენერგეტიკაზე თუ მეტ შემოსავალს მივიღებთ, რასაც სხვა დარგებში გამოვიყენებთ, ინვესტიციები რის ხარჯზე ჩაიდო და ა.შ. ასეთი შეკითხვები უნდა დაისვას სამომავლოდ.
-ინვესტიციების რისკები, რომელზე პასუხისმგებლობასაც თავად ინვესტორები იღებენ საკუთარ თავზე, უმეტეს შემთხვევაში საქართველოში ჰესების მსენებლობისას მცირე ინვესტიცია იდება ცალ-ცალკე სხვადასხვა მიმართულებით. სახელმწიფოს მხრიდან ინვესტორის წახალისებისათვის რა უფრო მომგებიანი იქნება?
-როგორც წესი, ეკონომიკურად უფრო მომგებიანი დიდი ჰესებია, ოღონდ სტრატეგიული ინვესტორი გვჭირდება. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტულ ფასად გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები გაიცემა, ანუ მთელ რისკებს სახელმწიფო იღებს თავის თავზე და ასეთ შემთხვევაში ინვესტორს, რა თქმა უნდა, უფრო უადვილდება. ეს ისეთი ინვესტორი არ არის, რომელიც ჩვენ გვინდა. ჩვენ გვინდა ისეთი ინვესტორი, რომელიც თავის თავზე აიღებს რისკებს, მაგრამ ამისთვის გარემო უნდა შევქმნათ. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი ბაზრის მდგომარეობა მარტივი არ არის. ჩვენ მცირე ბაზარი ვართ და ზაფხულში უკვე შეიძლება ელექტროენერგიის მეტობა გვქონდეს, ამიტომ ჩვენ გარე ბაზრებზე ვართ დამოკიდებული. შესაბამისად, რისკები მაღალია და ამისთვის ძალიან ინტენსიური საერთაშორისო თანამშრომლობის აწყობაა საჭირო.

























