მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ენერგეტიკაში კატასტროფულად შემცირდება ინვესტიციები"

5a0e91714a558
BM.GE
17.11.17 11:35
1411
„ყველაზე დიდი პრობლემა, გნებავთ გამოწვევა დღეს ქართულ ენერგეტიკაში არის დარგში საინვესტიციო კლიმატი“, - ამის შესახებ საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი და „ტრანსელექტრიკას“ ტექნიკური დირექტორი დავით მირცხულავა წერს. მირცხულავა აღნიშნავს, რომ საინვესტიციო პროცესი არის ერთ-ერთი იმ სამი ფუნდამენტალური ამოცანიდან, რომელიც ენერგეტიკაში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არსებობდა და არსებობს.
„ჩემი აზრით პირველი ორი: ესაა ენერგეტიკაში სტრუქტურული რეფორმები და ელექტროენერგეტიკული (ბუნებრივი გაზის) ბაზრის ჩამოყალიბება, ხოლო მესამე დარგში საინვესტიციო პროცესია.

გადახედეთ ბოლო წლებში ელექტროენერგიის იმპორტის მუდმივ მატებას და აშკარა გახდება ამ პროცესის მდგრადი სისტემური ხასიათი. წელს ელექტროენერგიის იმპორტი ალბათ 1,5 მილიარდ კილოვატსაათს მიაღწევს და ადვილად იანგარიშებთ იმ ათეულ მილიონობით დოლარს, რომელიც ქვეყნიდან გადის. (დაუმატეთ ამ რიცხვს ასობით მილიონი დოლარზე მეტი, რაც ბუნებრივი გაზის იმპორტისათვის გადის ქვეყნიდან და აშკარაა თუ რა მასშტაბებით ვართ დამოკიდებული მეზობელ ქვეყნებზე, (ნავთობ პროდუქტების იმპორტზე აქ არაფერს ვიტყვი).

აქედან გამომდინარე საკუთარი გენერაციის განვითარება ჩვენი ენერგეტიკისათვის, ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა მისასალმებელია 2012 წლიდან დღემდე აშენებული ყველა გენერაციის ობიექტი (ჰესები, თბოელექტროსადგური, ქარის ელექტრო სადგური), მაგრამ არც მათი რაოდენობა , არც გენერაციის განვითარების ტემპები და არც, რაც მთვარია მათი ტიპი (ჰესებს ეხება) ჰიდრო გენერაციის სეზონურობის გათვალისწინებით, ჩემი აზრით ალბათ არ შეესაბამება გენერაციის ობიექტების ჩვენი ქვეყნისათვის ოპტიმალურ განვითარების გეგმას.

სამწუხაროდ, წესით და რიგით მთავრობისათვის ძირითადი სამოქმედო დოკუმენტი გენერაციის ობიექტების განვითარების ოპტიმალური სამოქმედო გეგმა–ენერგო სისტემაში მიერთების თანმიმდევრობის, პრიორიტეტულობის, ტექნიკური, ეკონომიკური და ეკოლოგიური მრავალრიცხოვანი პარამეტრების გათვალისწინებით, განსხვავებით უამრავი ქვეყნისაგან (საუბარი არ არის მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებზე, უფრო მეტად ყურადღებას ვამახვილებ განვითარებად ქვეყნებზე–ალბათ 80 ზე მეტ ქვეყანაზე, სადაც მსოფლიოში აპრობილებული მათემატიკურ–ეკონომიკურ მოდელებზე (Wasp-4, Marcal და სხვა მოდელების) გამოყენებით იქმნება „ოპტიმალური“ განვითარების გეგმები) ჩვენ არ გაგვაჩნია.ასეთი გეგმის არ არსებობა ძალიან დიდი პრობლემაა. საერთოდ დაგეგმვასთან ეტყობა მწყრალად ვართ.

ახლა მთვარ ზემოთ აღნიშნულ პრობლემაზე საინვესტიცო კლიმატზე ენერგეტიკაში. დაგეგმილი რეფორმა ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის პირობის გაუქმება (2013 წლის 21 აგვისტოს N214 დადგენილების საფუძველზე) აშკარად გააუარესებს საინვესტიციო პროცესს და პირდაპირ ვიტყვი კატასტროფულად შემცირდება ადრე გაფორმებულ მემორანდუმებით პროექტების განხორციელების შემდეგ დარგში პირდაპირი ინვესტიციები, ახალ გენერაციის ობიექტებისათვის განვითარებისათვის.
მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წყაროების (ჰიდროსადგურები და ჰიდროენერგია განახლებადი ენერგიის წყაროა) განვითარება დაკავშირებული იყო გარანტირებულ სატარიფო სტიმულირების მექანიზმის დანერგვასთან.

ელექტროენერგიის ფასზე ფიქსირებული დანამატების სისტემა გამოყენებულ იქნა აშშ, კანადაში. ევროპის და ამერიკის ქვეყნებში. დამატებითი ხარჯები დაკავშირებული განახლებადი ენერგიის რესურსის ათვისებასთან იფარებოდა ყველა ტიპის მომხმარებლის მიერ.

მსოფლიოში გენერაციის პროექტების მხარდაჭერაზე შეიძლება უამრავი საუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ ზემოთ აღნიშნული და სხვა ცნობილი მხარდამჭერი მექანიზმების გამოყენების გარეშე, რასაც სამწუხაროდ ჩვენთან აპირებენ შეუძლებელია გენერაციის განვითარებაზე და შესაბამის საინვესტიციო კლიმატზე საუბარი. ამ საკითხზე დისკუსიის დაწყება აუცილებელია, რისკი ძალიან დიდია“, - წერს მირცხულავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები