ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება ენერგეტიკა, მეტი დადგმული სიმძლავრე, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი ყველაფერზე მაღლა დგას.
ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ bm.ge-ის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბოლო პერიოდში ჰესების აშენების წინააღმდეგ შექმნილ ნეგატიურ ტალღას და ამაზე მთავრობის პოზიციას შეეხებოდა.
“უნდა აღვნიშნოთ პირველ რიგში, რომ ენერგეტიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარგია. თუ ენერგეტიკაში განვითარება არ უსწრებს წინ ეკონომიკის განვითარებას, ის შეიძლება ეკონომიკური განვითარების ბარიერადაც კი იქცეს. მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი არის მნიშვნელოვანი და ის დგას ყველაფერზე უფრო მაღლა. აქედან გამომდინარე, საჭიროა დამატებითი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. მე ვფიქრობ, რომ ის რეჟიმი, რა რეჟიმითაც ეს დარგი მუშაობს, საკმაოდ ეფექტურია და ინვესტორებთანაც ძალიან ხშირი ურთიერთობა გვაქვს. გარწმუნებთ, ამის მიუხედავად, არ შემცირებულა ინვესტორების ინტერესები, რომ ქართულ ენერგეტიკაში განახორციელონ ინვესტიციები. ჩვენ გვჭირდება ენერგეტიკა, მეტი დადგმული სიმძლავრე, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი დგას ყველაფერზე მაღლა. ალბათ ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი კომუნიკაცია და ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

























