მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ენერგეტიკის სამინისტრო მზის ახალი ელექტროსადგურის ასაშენებლად ბრიტანული ინვესტიციის მოსაზიდად მუშაობს

5819ebfbbec91
დავით ჯალაღონია
02.11.16 17:24
2148
ენერგეტიკის სამინისტრო მზის ახალი ელექტროსადგურის ასაშენებლად ბრიტანული ინვესტიციის მოსაზიდად მუშაობს.  როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, დიდი ბრიტანეთის საელჩოს დახმარებით ინვესტორებმა გარკვეული წინადადებები უკვე მოისმინეს.

"ინვესტორებისთვის გარკვეული შეთავაზებები მზის სადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით გვაქვს. უბრალოდ ვერ ჩამოვყალიბდით, ამ წინადადების კომერციული მოწყობა როგორი უნდა იყოს. ბრიტანეთის მხარდაჭერა აქამდე ევროკავშირის ქუდით შემოდიოდა. ეს ერთ-ერთი მდიდარი ქვეყანაა და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა ღირს. პირველი შეხვედრა გვქონდა. სიტუაცია მოვსინჯეთ. გვინდა პილოტურ პროექტებში დახმარება, რომ გამოცდილების გადმოტანა მოხდეს, შესაბამისი ფინანსური რესურსით", - განაცხადა ვალიშვილმა.

რაც შეეხება მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურების კომერციულ მხარეს, მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ მზისა და ქარის ენერგიების კონკურენტული არ არის, თუმცა იმპორტის ზრდას, საქართველოს ეკონომიკაში, თუნდაც ძვირიან ელექტროენერგიაში თანხის გადახდა უმჯობესია.

"განახლებადების ათვისება ევროპაში მისი ეკონომიკური მომგებიანობის თვალსაზრისით არ დაწყებულა. ეს ვალდებულება, პოლიტიკის ნაწილი, ენერგოდამოუკიდებლობის მოტივაცია და სხვა ძალიან ბევრი ინსტრუმენტის ერთობლიობა იყო იმისთვის, რომ ამ მიმართულებას სახელმწიფოების მხრიდან დიდი მხარდაჭერა ჰქონოდა. ჩვენ დიდი მხარდაჭერის გამოხატვის საშუალება არ გვაქვს, რადგან შედარებით ღარიბი ქვეყანა ვართ, ამიტომ მიზანშეწონილობის ფარგლებსი, სხვა ქვეყნის ენერგორესურსში 5-6 ცენტის გადახდას, ჯობია, ჩვენს ეკონომიკაში თუნდაც 15%-ით მეტი გადავიხადოთ. ეს არის მულტიპლიკატორი, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ და მიზანშეწონილობაც ამ ფორმატიდან გამომდინარეობს", - განაცხადა მარიამ ვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მზის ენერგიის პოტენციალს საქართველოში, გარდაბნის რაიონში ამერიკული კომპანია „Headwall Power International“ უკვე სწავლობს. კომპანიასა და ენერგეტიკის სამინისტროს შორის მემორანდუმი მიმდინარე წლის აპრილში გაფორმდა, რომლის თანახმად, მომავალი წლის აპრილამდე „Headwall Power International“ პარტნიორ „მზის ენერგიის კომპანიასთან“ ერთად ქალაქ გარდაბნისა და სოფელ კალინინოს ტერიტორიაზე მზის პოტნეციალს შეისწავლის. ამ პერიოდში ჩატარდება ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და საჯარო განხილვები, ასევე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში მომზადდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები