ენერგეტიკოსები "სინათლის, თავისუფლების და განვითარების ენერგიის მხარეს!"- მსვლელობას 20 დეკემბერს 19 საათზე ბარათაშვილის ქუჩიდან (კონკა) პარლამენტამდე გეგმავენ.
ორგანიზატორები გავრცელებულ ინფორმაციაში მიუთითებენ რომ :
- მსვლელობის საინიციატივო ჯგუფს არ აქვს პრეტენზია ისაუბროს დარგის სახელით, რომელიც აერთიანებს რამდენიმე ათას ადამიანს და ასობით ორგანიზაციას.
- მსვლელობას არ ჰყავს კონკრეტული ორგანიზატორი ან ლიდერი. ნებისმიერი ადამიანი თუ ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს სექტორს და გააჩნია საკუთარი, ინდივიდუალური პროტესტი მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ, არის მისი სრულუფლებიანი მონაწილე.
თუ მოღვაწეობ ენერგეტიკულ სექტორში ან ახლა ეუფლები ამ პროფესიას და შენთვის მიუღებელია:
- უთანასაწორობა და კანონის უზენაესობის პრინციპის უგულებელყოფა
- ცხოვრების და განვითარებისთვის სამართლიანი გარემოს არ არსებობა
- სახელმწიფოს მიტაცების მცდელობა
საჯარო განცხადებაში 20 დეკემბერს დაგეგმილ მსვლელობაში მონაწილე ენერგეტიკოსები წერენ, რომ ქვეყნის სამართლებრივ, კონსტიტუციურ ფარგლებში დაბრუნების გარეშე, ვერ გვექნება ვერც პიროვნული და ვერც პროფესიული განვითარება, რადგან ორივე მათგანს სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი გარემო. მივიჩნევთ, რომ ენერგეტიკული სექტორისთვის მდგრადობის შენარჩუნება მხოლოდ დასავლურ სამყაროში სრულფასოვანი ინტეგრაციით არის შესაძლებელი.
"დარგის კონსერვატულობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, გვესმის, რომ ბევრს გაუჭირდება პროტესტის ღიად დაფიქსირება. განსაკუთრებით მაშინ, როცა არსებობს სახელმწიფოს თუ მისგან ფორმალურად დამოუკიდებელი მარეგულირებელი უწყებების მხრიდან გავლენის სადამსჯელოდ გამოყენების ალბათობა. მიუხედავად ამისა, მიგვაჩნია, რომ ერთი ადამიანის ღია, გაბედული პროტესტიც მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა, ფაქტობრივად, არ დარჩა სფერო, რომელსაც არ გამოუხატავს საერთო, ორგანიზებული პროტესტი. ამასთან, სექტორისგან, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ასოცირდება სინათლესთან და ენერგიასთან, პოზიციის არ დაფიქსირება გაუმართლებლად მიგვაჩნია.
ყველაფერთან ერთად, მსვლელობა არის შესაძლებლობა, ერთის მხრივ, საზოგადოებას გავაგებინოთ, რომ სექტორი ვერ იქნება ნეიტრალური. იგი უნდა იყოს ან ევროპულ ან რუსულ ნორმატიულ-ტექნიკურ რეგლამენტებთან ინტეგრირებული. საკითხი მარტივად დგას ელექტროენერგეტიკულ სექტორში, რადგან არჩევანია გასაკეთებელი ГОСТ-სა და IEC-ს შორის. მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია დასავლელ პარტნიორებს დავანახოთ, რომ მადლიერნი
ვართ მხარდაჭერის, რასაც ისინი გვიწევენ ბოლო 30 წელია და რომელი მხარდაჭერის გარეშეც ქვეყანა დარჩებოდა 90-იანი წლების სიბნელეში.
საპროტესტო მსვლელობით ვაფიქსირებთ, რომ ევროპა ჩვენი გააზრებული არჩევანია. დასავლური სამყარო არ არის მხოლოდ გეოგრაფია. ეს არის ღირებულებები და ცივილიზაცია, სადაც ყველაზე უკეთ არის დაცული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. კი ევროპას ! კი ევროპულ სტანდარტებს, მათ შორის ელექტროენერგეტიკაში!"- აღნიშნულია ინფორმაციაში