მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა, შესაძლოა, სავალდებულო არ იყოს - მთავრობა ალტერნატივაზე მუშაობს

რომეო მიქაუტაძე

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს უსმენდნენ, კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი დაინტერესდა ენერგეტიკული ბირჟის 6-ჯერ გადავადება რა გავლენას იქონიებს ევროკავშირთან ურთიერთობაზე.

მიმდინარე წლის ივლისში ქვეყანაში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება კვლავ გადავადდა, თუმცა ამჯერად ერთი წლით. მთავრობამ ბირჟის გადავადების მიზეზად ისევ გეოპოლიტიკური მოვლენები დაასახელა, რის გამოც ფასებთან დაკავშირებით პროგნოზი უჭირთ.

"ამას რაიმე უარყოფითი გავლენა ხომ არ ექნება ზოგადად საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, ან რამდენად სერიოზულად აღიქმება ქვეყანა, რომელიც ავადებს რეგულაციას რამდენიმე თვით ან ერთი წლით? რამდენად გვაქვს კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან და რამდენად ესმით ის მიზეზები, რის გამოც გადავადდა",- იკითხა ბოჭორიშვილმა.

საპასუხოდ რომეო მიქაუტაძემ განაცხადა, რომ 2024 წელსაც არსებული ვითარების გათვალისწინებით მიიღებენ ბირჟის ამოქმედებაზე გადაწყვეტილებას.

"ტექნიკურად მზად ვართ, მაგრამ სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობა მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. ამ პერიოდში მიზანშეწონილი არ იყო ბირჟის გახსნა, რადგან როგორც გითხარით მაინც დეფიციტური ბაზარი ვართ. თავის მხრივ ღია ბაზრის კონცეფციაში გათვალისწინებული იყო იმპორტირებული ელექტროენერგია. როცა ვხედავთ, რომ იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი თურქეთში 20 ცენტია, ჩვენს ბაზარზე ის სავარაუდოდ, უფრო მაღალი ფასით შემოვიდოდა, რაც ავტომატურად რყევებს შექმნიდა. დაინგრეოდა ეს სისტემა და ამიტომ გადაიწია ვადამ. დონორებსა და პარტნიორებს წინასწარ ვუთხარით ამ გადაწყვეტილების შესახებ. კოლეგიალური ურთიერთობა დავიცავით და მათ არ გაუგიათ ტელევიზიიდან, ეს სწორი არ იქნებოდა. მიზეზი ავუხსენით და ისინიც საკითხს გაგებით მოეკიდნენ", - განაცხადა მიქაუტაძემ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ასევე განმარტავს, რომ პარტნიორებთან მუშაობა მიმდინარეობს იმ საკითხზე, არსებული რისკების გათვალისწინებით ბაზარი რა ფორმით გაიხსნას. მისივე თქმით, შესაძლოა გენერაციის ობიექტებს საშუალება ჰქონდეთ თავად აირჩიონ დარეგისტრირდნენ თუ არა ბირჟაზე გამყიდველად. 

"რაც შეეხება კითხვას რისკებზე, პარტნიორებმა შემოგვთავაზეს და ახლა ვმუშაობთ ალტერნატიულ მექანიზმზე თუ როგორ შეიძლება გაიხსნას ბაზარი. ეს იყოს მაგალითად არასავალდებულო, ანუ ვისაც უნდა შევა ბაზარზე ან ფასის ზედა ზღვარი დაწესდეს, რომლის ზემოთაც ვაჭრობა აღარ იქნება. მიზანი რომ თავისუფალი ბაზარი იყოს და სამართლიანი ფასწარმოქმნა, ეს ნახევრად გახსნილი ბაზრით უზრუნველყოფილი ვერ იქნება, თუმცა იმას აჯობებს რა ეტაპზეც დღეს ვართ. ამაზე მათთან ვმუშაობთ, რათა წარმოადგინონ ხედვა, რის შემდეგაც ვიმსჯელებთ გადასახადის გადამხდელებისთვის რამდენად იქნება საფრთხე არიდებული. შემდგომ შეიძლება დავთანხმდეთ ბაზრის გარკვეული პირობებით გახსნას, რომელიც დანარჩენ მოთამაშეებს ტვირთად არ დააწვება", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები